გზავნილი
1. Lasha (Off)
[ 01 Oct 2013, 13:39 ]
1901 წლის აპრილი
ლევ ტოლსტოის პასუხი სინოდის გადაწყვეტილებაზე, მისი ეკლესიიდან განკვეთასთან დაკავშირებით.

თავიდან არ მინდოდა სინოდისთვის პასუხის გაცემა ჩემს განკვეთასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დადგე­ნილებამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. დაიწერა საკმაოდ ბევრი წერილი, რომლებშიც ჩემთვის უცნობი კორესპონდენტები ზოგი მკიცხავდა იმის გამო, რაც მე არ უარმიყვია; ზოგი კი მომიწოდებს, ვიწამო ის, რაც მე მწამს; მესამენი კი გამომიხატავენ იმ თანამოაზ­რეობას, რომელიც თითქმის არც კი არსებობს და თანაგრძნობას, რომლის უფლება მე არც კი მაქვს. ამი­ტომ გადავწყვიტე პასუხი გავცე დადგენილებას, მივუ­თითო, თუ რა არის მასში უსამართლო და მივმართო ჩემს უცნობ კორესპონდენტებს.

სინოდის დადგენილებას აქვს ბევრი ნაკლი: ის უკანონოა ან შეგნებულად ორაზროვანი, თვითნებურია, დაუსაბუთებელი, ცრუ, ცილისწამებლური და, გარდა ამისა, დაპირისპირებისთვის ბიძგის მიმცემია.
დადგენილება უკანონო და შეგნებულად ორაზრო­ვანია იმიტომ, რომ, თუ ის უნდა ითვალისწინებდეს ეკლე­სიიდან განკვეთას, მაშინ ვერ აკმაყოფილებს იმ საეკლესიო წესებს, რის მიხედვითაც ხდება განკვეთა. ხო­ლო თუ ეს არის განცხადება მასზე, ვინც არ ეკუთვნის ეკლესიას, არ სწამს მისი დოგმების – ეს ისე­დაც ცხადია. ამ დადგენილებას არ აქვს სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ წარმოაჩინოს არარსებული განკვეთა, რაც ასეც იქნა გაგებული და რაც მოხდა კიდეც.

იგი თითქოს უნებლიეთ ბრალს მდებს, რომ მხო­ლოდ მე არ მწამს ის პუნქტები, რომელთა შესახებ ნათ­ქვამია დადგენილებაში. არადა, რუსეთის თითქმის ყველა განათლებული ადამიანი გამოხატავს ჩემნაირ შეხე­დულებას ბროშურებში, წიგნებში თუ საუბრები დროს.
დადგენილება დაუსაბუთებელია იმიტომ, რომ მთა­ვარ მიზეზად ასახელებს, თითქოს მე ვავრცელებ ცრუ­სწავლებას ხალხში და ამით მათ ვაცდუნებ. ამ დროს კი, ჩემთვის ცნობილია, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომ­ლებიც ჩემს აზრებს იზიარებენ, ასიც არ არის; ხოლო რელიგიის შესახებ ჩემი ნაწერების გავრცელება, ცენზუ­რის წყალობით, ისეთი უმნიშვნელოა, რომ ადამიანთა უმეტესობას, რომლებმაც წაიკითხეს სინოდის დადგენი­ლება, უმცირესი წარმოდგენაც არა აქვთ იმის შესახებ, რას ვწერ რელიგიაზე. ამას ადასტურებს ის წერილები, რომლებსაც ვიღებ.

დადგენილება ავრცელებს აშკარა ტყუილს, თითქოს ეკლესიას ჰქონდა ჩემი გონს მოყვანის მცდელობა, რო­მელიც წარმატებით ვერ დასრულდა. ასეთი რომ არასდროს ყოფილა.

დადგენილება არის ის, რასაც, იურიდიული ტერმი­ნით, ეწოდება ცილისწამება. იგი აშკარად უსამართლოა და წარმოადგენს ჩემს საწინააღმდეგო მტკიცებულებათა დასკვნას. საბოლოოდ კი, ის ცუდი გრძნობებისა და საქ­ციელის წაქეზება-წახალისებაა, რამაც, როგორც ვე­ლო­დი, გაუნათლებელ და მსჯელობამოკლებულ ადამიანებში ჩემ მიმართ გაბოროტება და სიძულვილი გამოიწვია. ვი­ღებდი წერილებს მკვლელობის მუქარითაც კი: "ახლა შენ გადაცემული ხარ ანათემას და სიცოცხლის შემდეგ გელის მარადიული ტანჯვა... სული ამოგხდება ძაღლი­ვით... ანათემა... ბებერო ეშმაკო... წყეულიმც იყავ!" – წერს ერთი. მეორე ხელისუფლებას საყვედურობს იმას, რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ მონასტერში ჩაკეტილი და წერილებს ლანძღვით ავსებს. მესამე წერს: "თუ ხელისუფლება არ მოგაცილებს, ჩვენ თვითონ გაგაჩუმებთ!" ამ მუქარას მოჰყვება წყევლა. "შენ რომ დაგადუმო, არამზადავ, მე გამოვნახავ საშუალებებს", – წერს მეოთხე. წერილები სავსეა უხამსი სიტყვებით. სინოდის დადგენილების შემ­დეგ ამგვარ გაბოროტებას ზოგიერთ ადამიანსაც ვამჩნევ შეხ­ვედრისას. იმ დღეს, 25 თებერვალს, როცა გამოიცა სინოდის დადგენილება, მოედანზე სეირნობისას მესმოდა როგორ ამბობდნენ ჩემი მისამართით: "აი, ეშმაკი – ადა­მიანის სახით". მათ შეიძლება ვეცემე კიდეც.

ასე რომ, სინოდის დადგენილება ძალიან ცუდია. მის ბოლოს ნათქვამი კი – "პირები, რომლებიც ამას ხელს აწერენ, ლოცულობენ, რომ მე მათანირი გავხდე" – არაფრით ხდის ამ დადგენილებას უკეთესს.
ეს დადგენილება უსამართლოა შემდეგი გარემოე­ბების გამოც:

დადგენილებაში ნათქვამია: "მსოფლიოსთვის ცნობი­ლი მწერალი, დაბადებით რუსი, მართლმადიდებლად მო­ნათ­ლული და აღზრდილი, გრაფი ტოლსტოი, მოხიბ­ლული თავისი ამაყი გონებით, დაუნდობლად აღუდგა ჩვენს უფალს და მის ქრისტეს და მის წმინდა საკუთ­რე­ბას, ყველას წინ ნათლად განუდგა თავის აღმზრდელ დე­დას, მართლმადიდებელ ეკლესიას".

ის, რომ მე განვუდექი ეკლესიას, რომელიც თავს უწოდებს მართლმადიდებელს, სიმართლეა. მაგრამ მე გა­ვე­მიჯნე მას არა იმიტომ, რომ უარი ვთქვი უფალზე, არა­მედ პირიქით – მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ძალებით მსურდა მემსახურა მისთვის. სანამ მივიღებდი გადა­წყვეტილებას და განვუდგებოდი ეკლესიას, როცა ეჭვი შემეპარა მე მის ჭეშმარიტებაში, რამდენიმე წელი მივუძ­ღვენი იმას, რომ გამომერკვია ეკლესიის თეორიული და პრაქტიკული სწავლებანი: თეორიულად – მე გადავიკითხე ყველაფერი, რაც შემეძლო ეკლესიის სწავლებაზე მენახა, შევისწავლე და კრიტიკულად გავარჩიე დოგმატური ღვთის­მე­ტყველება. პრაქტიკულად კი – ერთი წლის გან­მავ­ლობაში მკაცრად ვასრულებდი ყველა საეკლესიო წესს: ვიცავდი მარხვას, ტაძარში ვესწრებოდი ღვთის­მსახურებას... საბოლოოდ, დავრწმუნდი, რომ ეკლესიის სწავ­ლება, თეორიულად, ვერაგი და მავნე ტყუილია, პრაქ­ტიკულად კი – ყველაზე უხეში ცრურწმენებისა და ჯა­დოქრობების კრებული, რომელიც სრულიად ფარავს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად არსს.

მე ნამდვილად განვუდექი ეკლესიას, დავანებე თა­ვის მისი რიტუალების შესრულებას და ჩემს ანდერძში დავუ­ბარე ჩემს ახლობლებს: როცა მოვკვდები, არ მო­უშვან ჩემთან ეკლესიის მსახურები. ჩემი ცხედარი მოა­შორონ ჩქარა, ყველანაირი შელოცვებისა და ლოცვების გარეშე ისე, როგორც მოაშორებენ ხოლმე ყველანაირ სა­ზიზღარ და არასაჭირო ნივთს, რომ მან ხელი არ შეუშალოს ცოცხლებს.

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ მე "ჩემი ლიტე­რა­ტურული მოღვაწეობა და ღვთივ ბოძებული ტალანტი მივუძღვენი ქრისტესა და ეკლესიისთვის საძულველი სწავ­ლების გავრცელებას" და ა. შ.; რომ მე "ჩემს თხზუ­ლებებსა და წერილებში, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ვუგ­ზავნიდი ჩემს მოწაფეებს მოვუწოდებდი მართლმადი­დებლური და ქრისტიანული არსის დამხობისაკენ"... – ეს უსამართლობაა! მე არასდროს მიზრუნია იმისათვის, რომ ჩემი შეხედულებები გამევრ­­ცელებინა. ქრისტეს მოძ­ღვრების ჩემეული გაგება კი ნამდვილად გამოვხატე ჩემს ნაწარმოებებში და არ ვმალავდი ამ თხზულებებს ადამია­ნებისგან, რომელთაც სურდათ მათი გაცნობა. თუმცა არასდროს დამიბეჭდავს ისინი. ხოლო თუ ადამიანები შემეკითხებოდნენ ქრისტეს მოძღვრების შესახებ, მხო­ლოდ მაშინ ვუზიარებდი მათ ჩემს აზრს.

ითქვა აგრეთვე, რომ მე "უარვყოფ ღმერთს, წმინდა სამების სახით, უარვყოფ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცს, ჩვენი ცოდვების გამომსყიდველს და სამყა­როს გადამრჩენელს, ვინც ევნო ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა მკვდრეთით და უარვყოფ მის უბიწო ჩასახვას".

წაიკითხავ თუ არა კურთხევანს, და თვალს მია­ყოლებ იმ წესებს, რაც, ტრადიციულად, სრულდება მარ­თლ­მადიდებელი სასულიერო პირების მიერ და ქრის­ტიანულ ღვთისმსახურებად მიიჩნევა, დაინახავ, რომ ეს რიტუალი ჯადოქრობის სხვადასხვა ილეთია, რომლებიც მორგებულია ცხოვრების ყველა შესაძლო შემთხვევას. თუ ბავშვი მოკვდება, იმისათვის, რომ იგი სამოთხეში მოხ­ვდეს, უნდა მოასწრონ, აცხონ ზეთი და განბანონ ცნო­ბილი სიტყვების თანხლებით; იმისთვის, რომ დედა გა­ნი­წმინდოს, ცნობილი ლოცვები უნდა თქვა. არსებობს ნაც­ნობი ლოცვები მრავალი გარემოების შესახებ: წარ­მატება საქმეში ან მშვიდი ცხოვრება ახალ სახლში, ბა­რა­ქიანი მოსავალი, გვალვის შეჩერება, კარგი მოგზა­უ­რობა, ავადმყოფობისგან განკურნება, გარდაცვალე­ბულთა ცხონება იმქვეყნად და ა. შ., რომლებსაც, შესაწირის თანხლებით, წარმოთქვამს სასულიერო პირი.

სამართლიანია ის, რომ მე უარვყოფ გაურკვევლ სამებას – ჩვენს დროში ყოველგვარ აზრს მოკლებულ იგავ-არაკს პირველ დაცემულ ადამიანზე, მკრეხელურ ისტორიას ღმერთზე, რომელიც დაიბადა ქალწულისგან ადამიანთა მოდგმის ცოდვების გამოსასყიდად. ღმერთს – სულს, ღმერთს – სიყვარულს, ერთიან ღმერთს – ყვე­ლაფერის საწყისს, არა მხოლოდ არ უარვყოფ, არამედ მთელი ცხოვრების აზრს ვხედავ იმ ღმერთის სურვილის ას­რულებაში, რომელიც გამოხატულია ქრისტეს მოძღვრე­ბაში. დადგენილებაში აგრეთვე ნათქვამია "არ სცნობს საიქიო ცხოვრებას და გასამრჯელოს (издовоздаяния) გაცემას". თუ წარმოვიდგენთ საიქიო ცხოვრებას, რო­გორც ჯოჯოხეთს – მარადიულ წამებით, ეშმაკებით და სამოთხეს – მარადიული ნეტარებით, მაშინ, მართალია, რომ მე არ ვცნობ ასეთ საიქიო ცხოვრებას. მაგრამ მარადიულ ცხოვრება და მისაგებელი, აქ და ყველგან, ახლა და ყოველთვის, მწამს. მწამს ისე, რომ კუბოს კართან მდგომი (ჩემი ასაკით) ხშირად ვატან თავს ძა­ლას, ფიზიკური სიკვდილი (უფრო სწორად, ახალი ცხოვ­რების დაბადება) რომ არ ვინატრო; მწამს იმის, რომ ყვე­ლანაირი კეთილი საქციელი აღავსებს ჩემი მარადიული ცხოვრების ჭეშმარიტ მადლს, ხოლო ყველანაირი ბო­როტი საქციელი დაამცრობს მას.

სინოდის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ მე უარვყოფ ყველა საიდუმლოს. ეს სიმართლეა. ყველა საი­დუმლოს მე მივიჩნევ ღმერთის და ქრისტიანული სწავ­ლებისთვის შეუსაბამო მდაბიო და უხეშ ჯადოქრობად და, გარდა ამისა, სახარების ყველა მითითების პირდაპირ დარღვევად. ახალშობილების მონათვლა მიმაჩნია იმ აზ­რის დამახინჯებად, რისთვისაც ინათლებიან მოზ­რდილები, რომლებიც შეგნებით იღებენ ქრისტიანობას. ჯვრისწერა იმ ადამიანებისა, რომლებიც მანამდე შეგნე­ბულად იყვნენ ერთად, ან სხვა ქორწინებაში იმყოფე­ბოდნენ, ვთვლი, რომ სახარების სწავლებასთან შეუსა­ბამოა; ხოლო ცოდვების, მიტევება პერიოდულად აღსა­რების დროს მავნე ტყუილია, რომელიც მხოლოდ ახა­ლისებს უზნეობას და ცოდვის წინაშე შიშს ანადგურებს. ზეთისცხებაში, ისევე როგორც მირონცხებაში, ასევე ხატებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემაში, ვხედავ უხეშ ჯადოქრობას; ასეთივეა სხვა რიტუალებიც, ლოც­ვები და შელოცვები, რომლითაც სავსეა საეკლესიო წესი. ზიარებაში ვხედავ სხეულის გაღმერთებას და ქრისტეს მოძღვრების შერყვნას. წმინდანობაში, აშკარა ტყუილის გარდა, ვხედავ ქრისტეს სიტყვების დარღვევას, რომელიც ნათლად მოუწოდებს: არავის დაუძახოთ მასწავლებელი, მოძღვარი, მამა (მათე, XXIII, 8–10).

ბოლოს, როგორც ჩემი დანაშაულის უმაღლესი გა­მოხატულება, ნათქვამია, რომ, მე "შევურაცხვყოფ რწმე­ნის ყველაზე წმინდა ნივთებს. ძრწოლის გარეშე გავა­მასხარავე ყველაზე წმინდა საიდუმლო – ევქარისტია". მე, მართლაც, შიშის გარეშე, უბრალოდ და ობიექტურად აღვწერ, თუ როგორ ამზადებს მღვდელი ეგრეთ წოდე­ბულ საიდუმლოს. მათი აზრით, საიდუმლო რაღაც წმინ­და რიტუალია, ხოლო მისი უბრალო აღწერა, თუ როგორ სრულდება ის, არის მკრეხელობა. ეს უსამართლობა. მკრე­ხელობა ის კი არ არის, რომ ტიხარს ტიხარი დავუ­ძახო და არა კანკელი, ან თასს თასი დავუძახო და არა ფიალა და ა. შ., არამედ უსაშინლესი მკრეხელობა ისაა, რომ ყველანაირი ტყუილისა და ჰიპნოზის გამოყენებით ბავ­შვებსა და უბრალო ხალხს არწმუნებენ, რომ თუ პურს ჩვეულებრივ დაჭრით და ღვინოში ჩადებთ, მაშინ პუ­რის ნაჭრებში შედის ღმერთი. ვის სახელზეც ამოი­ღებენ პურის ნაჭერს, ის იქნება ჯანმრთელი; თუკი გარდა­ცვლილის სახელზე ამოიღებენ, მაშინ იმქვეყნად იგი უკეთ იქნება; ხოლო ვინც პურის ნაჭერს შეჭამს, მას­ში ღმერთი დაივანებს. ეს ხომ საშინელებაა.

ვისაც როგორ უნდა ესმოდეს ქრისტეს პიროვნება, მისი მოძღვრება, იგი მაინც ანადგურებს მსოფლიო ბო­როტებას და უბრალოდ, მსუბუქად, უეჭველად აძლევს ადა­მიანებს მადლს, თუ ისინი არ არ გააუკუღმართებენ მას. დღეს ქრისტეს მოძღვრება დამალულია და გადა­კეთებულია უხეშ ჯადოქრობად, ზეთის ცხებად, სხეულის მოძრაობებად, შელოცვებად, ლუკმების ყლაპვად და ა. შ. ასე რომ, მოძღვრებისაგან აღარაფერი რჩება. თუ ოდესმე რომელიმე ადამიანი შეეცდება შეახსენოს ხალხს, რომ ჯადოქრობებში, შელოცვებში, წირვებში, სანთლებში, ხა­ტებში არ არის ქრისტეს მოძღვრება, არამედ მასში მთა­ვარია ის, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ბორო­ტებას ბოროტებით არ პასუხობდნენ, არ განიკითხონ და არ ხოცონ ერთმანეთი, იწყება მათი უკმაყოფილება, ვის­თვისაც მომგებიანია ეს ტყუილი. ეს ადამიანები ყველას გასაგონად უტიფრად საუბრობენ ეკლესიებში, თავიანთ მოსაზრებებს ბეჭდავენ წიგნებში, გაზეთებში. კატეხიზ­მოებში წერენ, რომ ქრისტეს არასდროს აუკრძალავს ფიცი (შეფიცვა); არასდროს აუკრძალავს მკვლელობა (სიკ­ვ­დილით დასჯა, ომები); რომ სწავლება ბო­რო­ტებასთან შეუბრძოლებლობის შესახებ სატანური ხრი­კია და გამოგონილია ქრისტეს მტრების მიერ (ხარ­კოვის ეპის­კოპოსის ამბროსის სიტყვა).

ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ადამიანები, ატყუ­ებენ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებს, მათ, ვის­ზეც ქრისტემ თქვა: უბედურება მათ, ვინც ამათ მო­ატყუებს. საშინელებაა, როცა ეს ხალხი თავისი მცირე მო­გებისთვის ჩადის საშინელ ბოროტებას, როცა ფარავენ ადამიანებისგან იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მოიტანა ქრის­ტემ. ისინი იქცევიან ისე, როგორც ის ყაჩაღი, რო­მელიც დახოცავს მთელ ოჯახს იმისათვის, რომ წაიღოს ძველი ხიფთანი და 40 კაპიკი. მას სიამოვნებით მისცემ­დნენ ფულს და ტანისამოსს, ოღონდ ეცოცხლათ. მაგრამ ყაჩაღს არ შეუძლია სხვანაირად მოქცევა. ასევე იქცევიან ცრუმოძღვრები. შეიძლება იმაზე შეთანხმებაც კი, რომ 10-ჯერ მეტ ფუფუნებაში იცხოვრონ მათ, ოღონდ ნუ და­ღუ­პავენ ხალხს თავიანთი ტყუილებით. მაგრამ მათ არ შეუძლიათ სხვაგვარად მოქცევა. აი, ეს არის უბედურება. მათი მხილება არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცი­ლებელიცაა. თუ არის რამე წმინდა, იგი ნამდვილად ის არაა, რასაც ისინი უწოდებენ საიდუმლოს. ამიტომ უნდა ამხილო მათი სიცრუე. როცა დავინახავ, რომ ჩუვაში თავის კერპს უსმევს არაჟანს, ან თლის, მე გულგრილად შევხედავ მას და გავივლი, რადგან რასაც ის აკეთებს, ჩემთვის უცხო ცრურწმენაა და სულაც არ ჰგავს იმას, რაც ჩემთვის წმინდაა. მაგრამ მე არ შემიძლია წყნარად ვუყურო იმ ადამიანებს (როგორი მრავალიც უნდა იყვნენ), რომლებიც იყენებენ ღმერთის სახელს, რომელმაც სი­ცოცხლე მომცა, და ქრისტეს მოძღვრებას, რომლითაც ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, როგორი ძველიც უნდა იყოს მათი ცრურწმენა და როგორი გავლენაც უნდა ჰქონ­დეთ მათ, მე აღვწერ იმას, რასაც ისინი აკეთებენ. მე ვალდებული ვარ ასე მოვიქცე, რადგან მწამს ღმერთისა და ქრისტეს მოძღვრების. ისინი კი, იმის ნაცვლად, რომ შეძრწუნდნენ თავისი უწმინდურობით (მწვალებლობით) მკრეხელობას უწოდებენ ტყუილის მხილებას. ეს გარე­მოება უფრო ამტკიცებს სიცრუეს და აძლიერებს იმ ხალ­ხის ძალისხმევას, რომელთაც სწამთ ღმერთი და ქრის­ტეს მოძღვრება, იმ სიცრუის მოსასპობად, რომელიც ადა­მი­ა­ნებისგან ფარავს ჭეშმარიტ ღმერთს.

ხომ ვერ იტყვიან, მკრეხელიაო – ქრისტეზე, რო­მელმაც ტაძრიდან გამოყარა ხარები, ცხვრები, ვაჭრები. იგი რომ მოვიდეს და ნახოს, თუ რა ხდება ახლა ეკლესიებში მისი სახელით, აუცილებლად მოისროდა უფ­რო დიდი და უფრო კანონიერი რისხვით ყველა ამ კვერ­თხებს, ჯვრებს, თასებს, სანთლებსა და ხატებს – ყვე­ლაფერს, რისი საშუალებითაც ჯადოქრობენ და ადამია­ნებისგან მალავენ ღმერთს და მის მოძღვრებას.
აი, რა არის სამართლიანი და უსამართლო ჩემ შე­სახებ სინოდის დადგენილებაში. მე ნამდვილად არ მწამს იმის, რაზეც ისინი ამბობენ, რომ სწამთ. მაგრამ მე მწამს ბევრი რამის, რაშიც ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ მე არ მწამს.

აი, რა მწამს მე:

მწამს ღმერთი, რომელიც1 მესმის როგორც სული, როგორც სიყვარული, როგორც ყველაფრის საწყისი; მწამს ის, რომ იგი ჩემშია და მე მასში ვარ; მწამს იმისა, რომ ღმერთის ნება ყველაზე კარგად და ნათლად გამო­ხატულია ქრისტეს მოძღვრებაში, რომლის ღმერთად გაგება და რომელზეც ლოცვა მიმაჩნია დიდ მკრეხე­ლობად; მწამს იმის, რომ ადამიანის ჭეშმარიტი სიკეთე – ღმერთი ნების აღსრულებაშია. ხოლო ღმერთის ნება ისაა, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, და ისე ექცეოდნენ სხვებს, როგორც თვითონ უნდათ რომ მო­ექცნენ, როგორც ნათქვამია სახარებაში. აი, ესაა მთელი კანონი. მე მწამს იმის, რომ ყოველი ადამიანის ცხოვ­რების აზრი არის მასში სიყვარულის გაზრდა, რადგან სიყვარულის ზრდას მიჰყავს ადამიანი უფრო დიდ სიკე­თესთან, სიცოცხლის შემდეგ კი ანიჭებს იმდენ მადლს, რამდენი სიყვარულიც არის ადამიანში. სწორედ ეს უწყობს ხელს სამყაროში ღმერთის მეუფებას, ანუ ცხოვ­რების იმ წყობის დამყარებას, რომელშიც განხეთ­ქი­ლების, ტყუილისა და ძალადობის ნაცვლად, თავისუ­ფალი თანხმობა, სიმართლე და ადამიანებს შორის ძმური სიყვარულია. მწამს, რომ სიყვარულის სრულყოფის ერთა­დერთი საშუალება ლოცვაა, ოღონდ არა ის საზოგადო ლოცვა ტაძრებში (ქრისტეს მიერ აკრძალული), არამედ ლოცვა, რომლის ნიმუში მოგვცა ქრისტემ – განმარ­ტოე­ბული და მშვიდი, რომელიც აღადგენს და აძლიერებს ადამიანში ცხოვრების აზრს და დამოკიდებულებას მხო­ლოდ ღვთის ნებაზე.

თუ ვინმეს შეურაცხყოფს, სწყინს, ხიბლავს, ხელს უშლის ან არ მოსწონს ჩემი რწმენა, მე შემიძლია შევ­ცვალო ისინი ისე მცირედ, როგორც ჩემი სხეული. მე მარტო უნდა ვიცხოვრო, მარტო მოკვდე (თან ძალიან მა­ლე) და ვერაფრით ვიწამებ სხვაგვარად. ვემზადები იმ ღმერთისკენ დასაბრუნებლად, ვისგანაც გამოვედი. მე არ ვამბობ, რომ ჩემი რწმენა ყველა დროის ჭეშმარიტებაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ჭეშმარიტებას, რომელიც უპა­სუხებს ჩემი გონების და გულის მოთხოვნებს. თუ რა­მე უკეთესს შევიტყობ, მყისვე მივიღებ, რამეთუ ღმერთს, ჭეშმარიტების გარდა, არაფერი სჭირდება. დაბრუნება იქით, საიდანაც მე ასეთი განცდებით გამოვედი, არაფ­რით შემიძლია, როგორც ფრინველს არ შეუძლია კვერ­ცხის იმ ნაჭუჭში შებრუნება, საიდანაც გამოიჩეკა. "ის, ვინც დაიწყებს იმით, რომ ქრისტიანობას ჭეშმარიტებაზე მეტად შეიყვარებს, ძალიან მალე შეიყვარებს თავის ეკლე­სიას; ვინც სექტას შეიყვარებს ქრისტიანობაზე მე­ტად, იმით დაამთავრებს, რომ თავისი თავი (თავისი სიმ­შვიდე) ეყვარება ყველაზე მეტად ამქვეყნად", – თქვა კოლრიჯმა.

მე ვიარე უკუსვლით. დავიწყე იმით, რომ პირველად შევიყვარე ჩემი მართლმადიდებელი სარწმუნოება – ჩემს სიმშვიდეზე მეტად, შემდეგ მიყვარდა ქრისტიანობა – ჩემს ეკლესიაზე მეტად, ახლა კი მიყვარს ჭეშმარიტება ყვე­ლაზე მეტად ამქვეყანად. ჩემთვის ჭეშმარიტება და ჩემ მიერ გაგებული ქრისტიანობა დღემდე ერთი და იგივეა. მე ვაღიარებ ქრისტიანობას იმ საზომით, როგორითაც ვა­ღიარებ მე. მშვიდად და სიხარულით ვცხოვრობ და ასევე მშვიდად და სიხარულით ვუახლოვდები სიკვდილს.

თარგმნა ლელა ჩოლოყაშვილმა
წყრაო: https://www.facebook.com/superphotos777
[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. LILITH [Mod] (Off)
[ 01 Oct 2013, 14:33 ]
ტოლსტოი როგორც ყოველთვის,მოწოდების სიმაღლეზეა)) ბრავო
[Pasuxi][Cit]|
3. heretique (Off)
[ 01 Oct 2013, 14:49 ]
mainc ver sheasmenda xistavianebs verafers....:)
[Pasuxi][Cit]|
4. LILITH [Mod] (Off)
[ 01 Oct 2013, 15:16 ]
ციტატა: heretique მთავარი ისაა,რომ ასეთი აზრის მატარებელი გენიოსები ყოველთვის იყვნენ და ცოდნის ლამპარად ენთნენ. ზოგი კოცონს ეწირებოდა,ზოგი სახრჩობელას,მაგრამ მათი პროტესტი რჩებოდა))
[Pasuxi][Cit]|
5. AC MILAN (Off)
[ 01 Oct 2013, 16:59 ]
miashoshmana yvela
[Pasuxi][Cit]|
6. donadoni (Off)
[ 21 Oct 2013, 23:00 ]
maladec ra tolstoi
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას