1. LILITH
[Mod] (Off) [ 21 Sep 2013, 21:52 ]
გილგამეშის ეპოსი, ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
შედგება 12 ფირფიტისგან.
წყარო wikipedia.org [Pasuxi][Cit]|
__________ bolo redaqtireba 21 Sep 2013, 22:04; sul 1 -jer
მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – გილგამეშის აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓ ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტიკიცეაგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო მის ღმერთი ანუ ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების – ენქიდუს შექმნას, რომელმაც გილგამეში უნდა "დააბალანსოს". ენქიდუ ⅓ ადამიანია და ⅔ ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის გილგამეშთან და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავს – შამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და თხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, გილგამეშს აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედა – რიმატ ნინსუნი – მას ძლიერი მეგობრის მოახლოებას ამცნობს. [Pasuxi][Cit]|
ენქიდუ და შამჰათი ტოვებენ უდაბნოს და მიდიან ურუქში, რათა დაესწრონ ქორწილს. როდესაც ცერემონიაზე გილგამეშიც გამოჩნდება და დააპირებს პატარძალთან ერთად დაძინებას, მას თავისი ღონიერი ფეხით წინ გადაეღობება ენქიდუ, რომელიც ეწინააღმდეგება გილგამეშის ეგოს, მის ქალისადმი მოპყრობას და ქორწინების წმინდა წესების უგულებელყოფას. ენქიდუ და გილგამეში მართავენ ორთაბრძოლას, რაც საბოლოოდ გილგამეშის გამარჯვებით სრულდება. იგი ენქიდუს თხოვნის შემდეგ სიცოცხლეს უნარჩუნებს მას. ამ შემთხვევიდან გილგამეში სიმამაცესთან და კეთილშობილებასთან ერთად სწალობს სიბრალულისა და თავმდაბლობის ძალას. ენქიდუ და გილგამეში მეგობრები ხდებიან. ამით გილგამეში გარდაიქმნება უკეთეს არსებად და პირიქითაც, ენქიდუც განიცდის ტრანსფორმაციას და იძენს კარგ თვისებებს. ისინი ერთმანეთს მაგალითებს აძლევენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ხანდახან გილგამეში და ენქიდუ თავს ერთმანეთის ძმებადაც კი თვლიან. [Pasuxi][Cit]|
რამდენიმე წლის შემდეგ, გილგამეში ხდება მოწყენილი ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით. საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს კედარის ტყეში, მოჭრას რამდენიმე დიდი ხე და მოკლას ტყის მცველი – დემონი ჰუმბაბა. გილგამეშს ამის გაკეთება სურს დიდებისათვის და აგრეთვე კედარის მოსაპოვბლად, რათა მისგან რამდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყეში ღვთაებების სამეფოა და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი ეძებენ სიბრძნეს და რჩევას უხუცესთა საბჭოსაგან, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან კედარის ტყეში მოგზაურობისათვის. გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას, რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს შამაშს სთხოვს დახმარებას და ამავდროლად რჩევებს აძლევს ენქიდუს. ქალი აგრეთვე ენქიდუს ღებულობს როგორც მეორე შვილს. [Pasuxi][Cit]|
ფირფიტაში აღწერილია გილგამეშისა და ენქიდუს მოგზაურობა კედარის ტყისაკენ. გზაში გილგამეში ხედავს ხუთ ცუდ სიზმარს, თუმცა ფირფიტის ცუდი სტუქტურის გამო იმ მონაკვეთის აღდგენა, სადაც მისი სიზმრების შესახებაა საუბარი, თითქმის შეუძლებელია. ენქიდუ გილგამეშის სიზმრებს თითოეულ შემთხვევაში აღწერს როგორც კარგ ნიშანს. როდესაც ისინი მიაღწევენ კედარის ტყეს, ენქიდუს კვლავ შიში მოიცავს და გილგამეში ამხნევებს მას. [Pasuxi][Cit]|
როდესაც გმირები საბოლოოდ მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, კედარის ტყის მონსტრი დემონი მცველი ჰუმბაბა მათ დაშინებას იწყებს. გილგამეშს შიში მოიცავს, თუმცა ენქიდუს გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ ისინი ორივენი იწყებენ ტყის მცველის წინააღმდეგ ბრძოლას. მათმა გააფთრებამ სირიის მთები ლიბანისაგან განაცალკევა. გილგამეში ჰუმბაბას შესაცდენად ხერხს მიმართავს: თავისი დებისა და ცოლების საყვარლებად მიცემას სთავაზობს მას. ამით მოტყუებულ ჰუმბაბას ავიწყდება თავისი შვიდი ფენისაგან შემდგარი აბჯრის ჩაცმა, რაც გილგამეშსა და ენქიდუს უპირატესობას აძლევს ბრძოლაში. საბოლოოდ, მზის ღმერთი შამაში გმირების დასახმარებლად გზავნის თავის 13 ქარს, რის შემდეგაც ჰუმბაბა მარცხდება. იგი სიცოცხლის შენარჩუნებას შესთხოვს გილგამეშს და ეს უკანასკნელიც ინდობს მას. ენქიდუ ბრაზდება მისი მეგობრის ამ გადაწყვეტილებით და დაჟინებით სთხოვს მას მონსტრის მოკვლას. ჰუმბაბა ენქიდუსკენ ტრიალდება და ამჯერად მას შესთხოვს დაარწმუნოს მისი მეგობარი, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ენქიდუ არ ითვალისწინებს მის თხოვნას და კვლავ იმეორებს თავის მოთხოვნას, რისი გამგონე ჰუმბაბაც ორივე გმირს წყევლის.გაბრაზებული გილგამეში კლავს ტყის მცველ მონსტრს. ამის შემდეგ ორი გმირი ჭრის დიდ კედარს, რომლისგანაც ენქიდუ აკეთებს დიდ კარს ღმერთებისათვის და მას ტივტივით მდინარის დინებას ატანს. [Pasuxi][Cit]|
გილგამეში უარს ამბობს ცის ღმერთ ანუს შვილის – ქალღმერთი იშთარის მიერ შემოთავაზებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ქალღმერთის მიერ მისი ყოფილი საყვარლების, მაგალითად მწყემსი დუმუზის, მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა. გილგამეშის გადაწყვეტილებით გაბრაზებული იშთარი მამამისს, ანუს სთხოვს სამოთხის ხარის გაგზავნას, რათა ამით მან შური იძიოს ურუქის მბრძანებელზე. თავდაპირველად ანუ უარზეა, თუმცა მას შემდეგ, რაც იშთარისაგან მკვდრების გაცოცხლების და მათ მიერ ცოცხალი ადამიანების განადგურების მუქარას მოისმენს, თანხმდება მას. სამოთხის ხარს უბედურება და გასაჭირი მოაქვს ქვეყნიერებისათვის. ეპოსის თანახმად, იგი იწვევს გვალვას, რის შედეგადაც წყალი ქრება და მცენარეულობა ნადგურდება. გილგამეში და ენქიდუ ღმერთების დახმარების გარეშე კლავენ სამოთხის ხარს და მის გულს მსხვერპლად სწირავენ მზის ღმერთ შამაშს. ამის შემდეგ გმირებს ესმით იშთარის ტირილის ხმა. ენქიდუ მკლავს აგლეჯს ხარს და მას დაშინების მიზნით მტირალე ქალღმერთს ესვრის სახეში. ქალაქი ურუქი აღნიშნავს გმირების ამ გამარჯვებას, თუმცა ენქიდუს ცუდი სიზმარი ესიზმრება, რომელიც შემდეგ ფირფიტაშია აღწერილი. [Pasuxi][Cit]|
ენქიდუს სიზმარში, ღმერთები გადაწყვეტენ, რომ სამოთხის ხარისა და ჰუმბაბას მკველობისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს. მათი გადაწყვეტილებით ეს სწორედ ენქიდუა, მიუხედავად იმისა, რომ შამაში ამის წინიააღმდეგია. ენქიდუ გილგამეშს ამცნობს ღმერთების ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ წყევლის მის მიერ ღმრეთებისათვის კედარისაგან გაკეთებულ კარს. შოკში ჩავარდნილი გილგამეში მიდის ტაძარში და თავისი მეგობრის ჯანმრთელობისათვის ლოცულობს შამაშის სახელზე. ამის შემდეგ ენქიდუ იწყებს მონადირისა და შამჰათის წყევლას, რადგანაც იგი უკვე ნანობს იმ დღეს, როდესაც ადამიანი გახდა. შამაში სამოთხიდან ესაუბრება ენქიდუს – უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს მას და ასევე ამცნობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გილგამეში სევდისაგან ძალიან შეიცვლება. ენქიდუ ივიწყებს თავის წყევლას და შამჰათს ემადლიერება. იგი თანდათანობით უფრო და უფრო ავად ხდება და სიკვდილის პირას მისული აღწერს მის ჩასვლას საშინელ ქვესკნელის სამყაროში, რომელსაც იგი მტვრის სახლს უწოდებს, სადაც მკვდრებს ჩიტების მსგავსად ფრთები აქვთ. ისინი თიხას ჭამენ და სინათლის გარეშე არსებობენ. [Pasuxi][Cit]|