გზავნილი
1. Mon Ami [Adm] (Off)
[ 16 Sep 2013, 0:54 ]


იაპონელების უძველესი ეროვნული რელიგიაა შინტოიზმი (ღმერთების გზა), რომელიც შორეულ წარსულში, პირველყოფილი თემური წყობილებისას წარმოიშვა. ეს რელიგია თაყვანს სცემს წინაპართა სულებს და ბუნების ძალებს, ასახავს ადამიანის უძლურებას ბუნების წინაშე და აიძულებს მათ ეთაყვანონ ქარს, მზეს, თოვლს, წვიმას, ასევე, ცხოველებს და მცენარეებს. შინტოს მრავალრიცხოვან ღმერთებს შორის უმთავრესია მზის ქალღმერთი ამატერასუ. შინტოიზმის თანახმად, ადამიანების ღმერთებთან კავშირი სწორედ ამატერასუს შთამომავლის, იმპერატორ ჯიმუს მეშვეობით მყარდება, რომელმაც ძვ.წ. 660 წელს იმპერატორთა საგვარეულოს დაუდო სათავე, ამიტომაც იმპერატორი ღვთაებრივ არსებადაა მიჩნეული და ყოველი იაპონელის წინაპრად ითვლება. მისი ძალაუფლების სიმბოლოდ სამი წმინდა ნივთია აღიარებული, რომლებიც მზის ქალღმერთმა გადასცა თავის შთამომავალს : სარკე-ღვთაებრივი სიმბოლო, მახვილი-ძლიერება და იასპი- ერთგულება.

იაპონელები აგრეთვე ეთაყვანებიან ქარიშხლის ღმერთს- სუსანოოს, მთვარის ღმერთს ცუკიომის, ბრინჯის ღმერთს ინარის და მიწათმოქმედების სხვადასხვა ღვთაებას. ისინი დიდ პატივს სცემენ გეოგრაფიულ ადგილებს, განსაკუთრებით კი, მთებს. რომელთა შორის გამორჩეულია წმინდა მთა ფუძიამა. შინტოიზმის თანახმად, ღმერთებმა გააჩინეს არა ზოგადად ადამიანები, არამედ მხოლოდ იაპონელები, აქედან გამომდინარე, იაპონელები დაბადებიდანვე შინტოს ეკუთვნიან და არ შეიძლება სხვა ეროვნების ადამიანი ამ რელიგიის მიმდევარი იყოს. საინტერესოა, რომ შინტოისტს არ ეკრძალება სხვა რელიგიის თაყვანისცემა, რადგანაც იაპონელი იბადება შინტოისტად და კვდება შინტოისტად , სხვა რელიგიის გაზიარება კი მხოლოდ დროებით მოვლენად აღიქმება.

ადრეული შინტოიზმის მორალურ-ეთიკური მხარეების შემდგომ განვითარებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა სხვა რელიგიებმა, კერძოდ, კონფუციონიზმის და დაოსიზმის გავლენით შინტოიზმში ისეთი ნორმები დამკვიდრდა, როგორიცაა ძლიერისადმი სუსტის, უფროსისადმი უმცროსის მორჩილება. კონფუციონიზმის მსგავსად, შინტოიზმი მიწიერი ცხოვრების აპოლოგიას ეწეოდა და ნაკლებად ინტერესდებოდა იმქვეყნიური ცხოვრების იდეით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში კონფუციონიზმი უმთავრესად მორალური ნორმების სფეროში დამკვიდრდა.

შინტოიზმის უმთავრესი კონცეფციაა მრავალრიცხოვანი სულების ანუ კამების თაყვანისცემა, რომლებიც თავდაპირველად ცხოველებში, მცენარეებში, ბუნების სხვადასხვა მოვლენებში და წინაპართა სულებში განსახიერდებოდა. შინტოს თანახმად, ადამიანი დასაბამს იღებს სულისგან (კამისგან), ამიტომ ყოველი იაპონელის მოვალეობაა პატივი მიაგოს კამის და წინაპრებს იმისათვის, რომ მას სიცოცხლე უბოძეს. შინტოიზმი რაიმე მკვეთრ გამიჯვნას არ ახდენს ადამიანისა და კამის შორის.

ინტერესს იმსახურებს შინტოიზმის მცნება საიქიოს შესახებ; კერძოდ, ვინაიდან ადამიანები და კამები ერთსა და იმავე სამყაროში არსებობენ, ადამიანმა ხნსა იმქვეყნიურ სასუფეველში არ უნდა ეძებოს. შესაბამისი ქცევის ნორმების დაცვისა და კამებთან ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად, ეს უკანასკნელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთვება და სწორედ ამის შემდეგ ადამიანი ხსნასა და ბედნიერებასაც იპოვებს.

არა ნაკლებ საინტერესოა სიკეთის და ბოროტების შინტოისტური გაგება – ადამიანი ბუნებით კეთილი არსებაა და სამყაროც, რომელშიც ის ცხოვრობს, სიკეთითაა აღსავსე. რაც შეეხება ბოროტებას, ის ბნელეთიდან შემოჭრილი გარეშე ძალაა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანს საძრახისი საქციელისკენ უბიძგებს. თავის მხრივ, ეს სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული: ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ნებისყოფაზე, მისი ქმედების მიზეზებზე, შედეგებზე და ა.შ., რომელთა გათვალისწინებისა და განზოგადების საფუძველზე, მას დანაშაული ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ თავისი ქმედების ჩადენამდე, ადამიანი უნდა ეცადოს ჩაიხშოს უარყოფითი ემოციები, სიძულვილის გრძნობა, თავი აარიდოს უსიამოვნებას და მშვიდობიანად მოაგვაროს წამოჭრილი პრობლემები. ასე რომ, შინტო სრულ თავისუფლებას ანიჭებს მორწმუნეებს სიკეთისა და ბოროტების გაგებაში, ის არნაირ გამოკვეთილ კონცეფციას არ აყლიბებს ამის თაობაზე.

სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, შინტოიზმს არ გააჩნია კანონიკური საეკლესიო წიგნები; ყოველ ტაძარს თავისი მითები, წეს-ჩვეულებები და ღვთაებები ჰყავს. მიუხედავად ამისა, შინტოისტებისთვის არსებობს მითების საერთო ჯგუფი, რომლებიც თავმოყრილია იაპონიის უძველეს ლიტერატურულ ძეგლებში – “უძველესი ამბების ჩანაწერები”(“კოჯიკი” 712 წ. შედგენილი) და “იაპონიის ანალები” (“ნიჰონ შიოკი” ან შემოკლებით “ნიჰონგი” 720 წ. შედგენილი). მათში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემულია იაპონიის ისტორია უძველესი დროიდან, მითები, ლეგენდები, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების საინტერესო ამბები. მართალია, ისტორიული ფაქტების გაშუქების თვალსაზრისით ისინი ორიგინალობით არ გამოირჩევა და ხშირ შემთხვევებში ტენდენციურობასაც ამჟღავნებს, მაგრამ იაპონელთა უძველესი მითების რწმენა-წარმოდგენების შესასწავლად, ხსენებული ქრონიკები ძვირფას პირველწყაროდაა აღიარებული.

საყურადღებოა, რომ ამ წყაროების ტენდენციური ხასიათი მოგვიანებით იაპონიაში გამოყენებულ იქნა საიმპერატორო დინასტიის ღვთაებრიობის და უწყვეტობის, აგრეთვე იაპონელთა “გამორჩეულობის” დასასაბუთებლად. აქედან გამომდინარე, შინტოიზმს მკაფიოდ გამოხატული ნაციონალიზმი ახასიათებს. როგორც ცნობილია, ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი პრეტენზიას აცხადებენ თავიანთი წინასწარმეტყველის პირველაღმოჩენაზე, რომელიც მთელი კაცობრიობისადმია მიმართული. შინტოს კონცეფცია კი რადიკალურად განსხვავებულია, რომლის თანახმად, შინტოს ღმერთებმა და კამება გააჩინეს არა ადამიანები საერთოდ, არამედ იაპონელები.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ იაპონელი და არა სხვა ერის წარმომადგენელი დაბადებიდანვე შინტოს ეკუთვნის. ამიტომ იაპონელისთვის წარმოუდგენელია, რომ არაიაპონელი ამ რელიგიის მიმდევარი იყოს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – სიცოცხლის მანძილზე შინტოისტს არ ეკრძალება გახდეს ბუდისტი, ქრისტიანი ან რომელიმე სხვა სარწმუნოების მიმდევარი, რადგანაც ყველა იაპონელი დაბადები და სიკვდილით მაინც შინტოისტად რჩება, სხვა რელიგიასთან ზიარება კი მხოლოდ დროებით მოვლენად აღიქმება.
[Pasuxi][Cit]|
2. Mon Ami [Adm] (Off)
[ 16 Sep 2013, 1:00 ]


შინტოისტური კულტი ოთხ ძირითად ელემენტს შეიცავს: გაწმენდა, მსხვერპლთშეწირვა, მოკლე ლოცვა და ზეთით კურთხევა. ღვთისმსახურება მეტად მარტივია: ტაძარში შესვლისას, მორწმუნე უნდა ეთაყვანოს ადგილობრივ ღვთაებას, რამდენჯერმე ხელი ხელს შემოჰრკას (სულების ყურადღების მისაპყრობად) და მისთვის სასურველ თემაზე ილოცოს. შინტოს კულტის სიმარტივე, რაც მისი მიმდევრებისგან მცირე ძღვენსა და ტრადიციული რიტუალების შესრულებას ითხოვდა, საუკუნეთა მანძილზე ამ რელიგიის სიმტკიცის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.

სისადავით და უბრალოებით გამოირჩევა თვით ტაძრების მოწყობილობაც, რომლებსაც იაპონელები ჯინჯას ან ჯინგუს უწოდებენ. ყველა მათგანში არის საკურთხეველი – ჰონდენი, სადაც ინახება წმინდა სული შანტაი, მას სამლოცველო დარბაზი – ჰაიდენი ესაზღვრება. ტაძრებში ღმერთების გამოსახულებები არ არის, ხოლო ზოგიერთი მათგანი მორთულია ცხოველთა ფიგურებით, რომლებიც განიხილება როგორც შესაბამისი ღმერთების წარგზავნილები, ასევე ხშირია მათში ბუდას გამოსახულებები. სალოცავის წინ ხის ყუთია მოთავსებუილი, სადაც მსურველებას შეუძლიათ ხურდა ფული ჩაყარონ.

შინტოისტურ ღვთისმსახურებას თავდაპირველად ტომის ბელადები ან უხუცესები ასრულებდნენ. VII საუკუნიდან ხელისუფლებამ ამ მისიის შესასრულებლად წარჩინებულთა საგვარეულოების წარმომადგენელთა დანიშვნა დაიწყო და მალე ეს საპატიო თანამდებობა მემკვიდრეობითი გახდა. ასე წარმოიშვა კანუსიის (კამის პატრონი) ინსტიტუტი და შინტოიზმის ქურუმები დღესაც ამ ტერმინით მოიხსენიებიან.

მართალია, კანუსებს ყველა რიტუალური ცერემონიის ჩატარება ევალებოდათ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რიტუალების შესრულება რადიციულად იმპერატორის მონიპოლიად დარჩა. VIII საუკუნის დასაწყისში სასახლის კარზე შინტოს საქმეთა სპეციალური დეპარტამენტი შექმნა, რითაც შინტოიზმის კიდეც უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა საიმპერატორო კარს. აღსანიშნავია, რომ კანუსები დღესაც VIII-IX საუკუნეების დროინდელი სამოსის ნიმუშებით იმოსებიან, რომელიც თეთრი კიმონოსგან, წვრილი ნაკეცა ქვედაბოლოსგან და შავი ქუდისგან შედგება. ტაძარში ისინი თეთრი წინდებით დადიან, რიტუალების შესრულების დროს კი, შავ დიდ ფეხსაცმელს იცვამენ, ტაძრის გარეთ კანუსები რიტუალურ ტანსაცმელს არ ატარებენ, აცვიათ ისე, როგორც რიგით მოქალაქეებს.

რაც შეეხება შინტოისტური ტაძრების გარეგნულ იერ-სახეს, ბუდისტური ტაძრებისგან განსხვავებით(რომლებიც მნახველზე წარუშლელ შთაბვეჭდილებას ახდენს თავიანთი პომპეზურობით, ფერადოვნებით, მრავალიარუსიანი პაგოდებით, კოშკურებით), ისინი სადა, ხისგან ნაგები მომცრო ზომის შენობებია. მათი ადგილმდებარფეობა საგანგებოდაა შერჩეული, მწვანეში ჩაფლული ბაღებისა და პარკების სიღმრეში, რათა არავინ და არაფერმა დაარღვიოს მათი მყუდროება.ტაძრისკენ მიმავალ გზას მხოლოდ მართკუთხა ფორმის თაღი (თორიი) მიანიშნებს, რომელიც ასევე ხისგანაა დამზადებული.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, ამგვარი უბრალოების ფონზე, შინტოს საკმაოდ ხმაურიანი და მხიარული სადღესასწაულო პროცესები, გროტესკული ცერემონიები და ტემპერამენტიანი ცეკვები გააჩნია, რომლებიც ტაძრებში იწყება და ქუჩებში გრძელდება საგანგებოდ თავშეყრილ მაყურებელთა თვალწინ. დღესდღეობით ზოგიერთი შინტოისტური დღესასწაული ლამაზ ფერადოვან კარნავალადაა ქცეული, რომლის დროსაც მთავარი აქცენტი სხვადასხვა სახის გართობაზეა, სანახაობრივად, მათ გაფორმებაზე კეთდება და, ამდენად, თავიანთი რიტუალური ხასიათი გარკვეულწილად დაკარგული აქვთ.

1868 წლიდან, ბურჟუაზიული რევოლუციისა და მეიჯის რეფორმის შემდეგ, შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები საკანონმდებლო აქტით ოფიციალურად გაემიჯნა ერთმანეთს, ხოლო შინტოიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. სწორედ იმ დროიდან იწყო აღორძინება შინტოს კონცეფციებმა იაპონელთა “გამორჩეულობისა” და იმპერატორის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ. შინტოიზმი იაპონელ მილიტარისტთა იდელოგოიურ იარაღად იქცა, მაგრამ II მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ (1945 წ.) მისი პრესტიჟი იაპონიაში ერთბაშად დაეცა: გაქარწყლდა იდეა მათი იმპერატორის ღვთაებრივ წარმომავლობაზე, აიკრძალა შინტოისტური ლიტერატურა, მისმა სამღვდელოებამ ოფიციალური სტატუსი დაკარგა. შინტოიზმის უწინდელი გავლენის აღდგენა მხოლოდ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილისა და შინტოს ღვთისმსახურთა ძალისხმევით, იგი კვლავ ოფიციალურ სტატუსში მოექცა. ამის ნათელი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ 1966 წელს იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ეროვნლი დღესასწაული – იმპერიის დაარსების დღე, 11 თებერვალი.

შინტოისტური ტრადიციის თანახმად, ძვ.წ. 660 წელს სამეფო ტახტი დაიკავა პირველმა მოკვდავმა – იმპერატორმა ჯიმუმ, რითაც იაპონიაში საფუძველი ჩაეყარა საიმპერატორო დინასტიის უწყვეტობას. ამრიგად, შინტოიზმმა უაღრესად დიდი როლი შეასრულია იაპონელებთა ეროვნული ხასიათის და მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში, მათი ტრადიციების დაცვასა და განმტკიცებაში, ქვეყნის კულტურულ განვითარებაში მთლიანად.

წყარო:japan.ge
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას