mogwont a.kalandadzis shemoqmedeba?
diax.: 100%
ara.: 0%
გამოკითხულია: 3
გზავნილი
1. nucii (Off)
[ 09 Sep 2013, 0:30 ]
ანა პავლეს ასული კალანდაძე

ბიოგრაფია


ანა კალანდაძე დაიბადა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო
სკოლა ქუთაისში
დაამთავრა 1941 წელს.
იმავე წელს სწავლა
განაგრძო თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ფილოლოგიის
ფაკულტეტზე, რომელიც
დაამთავრა კავკასიური
ენების სპეციალობით
1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა
საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის
არნოლდ ჩიქობავას
სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის
განყოფილებაში უფროსი
მეცნიერ თანამშრომლის
თანამდებობაზე – ეს
წოდება სამეცნიერო
ხარისხის დაუცველად
მიენიჭა მას 1973 წელს
ინსტიტუტის
გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში
მუშაობდა საქართველოს
სახელმწიფო ენის
მუდმივი კომისიის
წევრად, მწერალთა
კავშირის გამგეობის
პრეზიდიუმისა და
ენათმეცნიერების
ინსტიტუტის სამეცნიერო
საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის
11 მარტს, ინსულტის
შედეგად. დაკრძალულია
მთაწმინდის პანთეონში.
[Pasuxi][Cit]|
2. nucii (Off)
[ 09 Sep 2013, 0:35 ]
შემოქმედება


ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და
ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი
პოპულარობა და
საყოველთაო სიყვარული
მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც
ორიგინალური ლექსების
გარდა დაბეჭდილია
სტეფან მალარმეს,
ალექსანდრე პუშკინისა
და სხვა პოეტური
თარგმანები, აგრეთვე
წერილები, ესეები და
მოგონებები.
[Pasuxi][Cit]|
3. nucii (Off)
[ 09 Sep 2013, 0:37 ]
კალანდაძის პოეზიამ
იმთავითვე მიიპყრო
ყურადღება ლექსის
სინატიფითა და პოეტური
აზროვნების მაღალი
კულტურით. მისი
შემოქმედების ყველა
თემა თუ მოტივი
ლირიკული
თვითგამოხატვით
ცხადდება და უაღრესი
ინტიმურობის ელფერს
იძენს. ასე აჟღერდა მის
ლექსებში მშვიდობიანი
ცხოვრების დასაწყისის
თემა (“კარში გამო ჭიაჭია
მარია”, 1946); ბუნების
განცდა (“თუთა”, 1945;
“ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”,
1946; “ბეთანიის გზაზე”,
1954). ისტორია ანას
ლექსში არასოდეს არ
გვევლინება გაყინული
სახით და
თანადროულობაც პოეტის
წარმოდგენაში ხშირად
იწვევს გარდასულ დროთა
ცხოველ მოგონებას (“შენ
ისე ღრმა ხარ, ქართულო
ცაო“, “ასეთი დარი თუ
იყო მაშინ“, ორივე 1945;
“ღრუბლები”,1953). ანა
კალანდაძის
პატრიოტიზმი გამოხატავს
ერის არსებით თვისებათა
- სიკეთის,
ქედუხრელობიის,
სიდიადის, შეწყალების -
ორგანულ განცდას
(“საქართველოო ლამაზო”,
”მრავალლჟამიერ”, 1952,
“ფეხი დამადგით”, ”მას
ალავერდის დიდებულ
ტაძარს” 1959). მისი
ლექსის ჟღერადობა
ეფუძნება თანამედროვე
ადამიანის ზნეობრივი
სიწმინდისა და
ამაღლების დაცვას (“ნუ
მიმცემ ეჭვთა”, 1957;
“ისევ გახსენი გული ჩემი”,
1961). სიყვარული ანას
შემოქმედებაში
განუმეორებელი კდემით
აღსავსე, ამაღლებული და
სევდანარევი
რომანტიკული განცდაა
(“რისად არ მომხედავ “,
1945, “შეყვარებული
ოდეს ქარები”, 1954).
კალანდაძის პოეტური
სტილი სისადავითა და
ჰარმონიული ფორმით
გამოირჩევა.
[Pasuxi][Cit]|
4. nucii (Off)
[ 09 Sep 2013, 0:42 ]
ჯილდოები და წოდებები


ანა კალანდაძე
დაჯილდოებულია
”საპატიო ნიშნის” ორი
ორდენით და ღირსების
ორდენით.

1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსად.

1985 წელს ციკლისათვის
”თავაწეული ქართული
დროშები” მიენიჭა შოთა
რუსთაველის სახელობის
სახელმწიფო პრემია .

იმავე წელს გახდა
გალაკტიონ ტაბიძის
სახელობის პრემიის
ლაურეატი.

1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში –თხზულებათა მეორე
ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური
წერილებისათვის.

2006 წელს მიიღო
ლიტერატურული პრემია
„საბა“ ლიტერატურაში
შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის
განცხადებით, ეს
უკანასკნელი მისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი
ჯილდო იყო, რადგან ამ
წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც
პოეტის მისია შესრულებული იყო.
[Pasuxi][Cit]|
5. Dstori (Off)
[ 09 Sep 2013, 0:43 ]
გამოირჩევა ბუნების კარგი გამოყენებით
[Pasuxi][Cit]|
6. nucii (Off)
[ 09 Sep 2013, 19:57 ]
ფეხი დამადგით

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით
ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის
მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა
თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ?
სული სიმშვიდის, სული
სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა…
[Pasuxi][Cit]|
7. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 17:35 ]
ციცინო დადიან-ერისთავი ს
ხსოვნას


ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ
შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და...
შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ
სუფევა“...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?
[Pasuxi][Cit]|
8. nucii (Off)
[ 10 Sep 2013, 18:18 ]
მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე
მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან,
გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა,
სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ
ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა
და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ,
სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი
სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც
შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი,
დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ,
დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების,
მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან,
როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

1953.
[Pasuxi][Cit]|

<<wina. | shemdegi>>
1,2

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას