გზავნილი
1. PaNaMa [Adm] (Off)
[ 30 Aug 2013, 23:33 ]
ბიზნესის წარმოება თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ გარკვეულ სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. ამ საკითხებში ადრე თუ გვიან (რაც ადრე, მით უკეთესი) უეჭველად მოგვიწევს გარკვევა, თუმცა საშიში არაფერია – მთავარია მონდომება და მინიმუმ ორი სამაგიდო წიგნის (იგივეა, რაც სა-Desktop-ე): „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ღრმა პატივისცემა-სიყვარული :) .

ინტერნეტ ბიზნესმენებს, მიუხედავად მათი ვირტუალური ორიენტაციისა, კანონმდებლობა ჩვეულებრივ მეწარმე სუბიექტებად განიხილავს, ამიტომ კითხვაზე „დავრეგისტრირდეთ თუ არა?“ მხოლოდ ერთი, და ისიც დადებითი, პასუხი მაქვს.

როდის უნდა დავრეგისტრირდეთ?

მაშინვე, როგორც კი პროდუქციის გაყიდვას დავაპირებთ.

თუმცა ელექტრონული კომერციის წარმოებისთვის კონკრეტულად რა სახის საწარმოს რეგისტრაციას მოვახდენთ, მთლიანად ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული.

რა სახის საწარმოს შექმნას მივანიჭოთ უპირატესობა?

რა გადასახადები უნდა გადავიხადოთ?

ვის წინაშე უნდა მოვახდინოთ ანგარიშგება?

ჩავთვალე, რომ ამ კითხვებზე ჩემი პასუხებისა და ინტერპრეტაციების მოსმენას პროფესიონალი იურისტის კონსულტაცია აჯობებდა. სწორედ ამიტომ, თხოვნით მივმართე „იურიდიული კომპანია გიორგი აბაშიძე“–ს ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი აბაშიძეს (რომელიც, ჩემდა სასიხარულოდ და საამაყოდ, ჩვენი ხელმომწერიც აღმოჩნდა), რომ განემარტა დამწყებთათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი რამდენიმე საკითხი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მიმდინარე მომენტისათვის არსებულ სიტუაციას ასახავს, ამიტომ თუ პოსტის წაკითხვამ მოგვიანებით მოგიწიათ, აუცილებლად დააკვირდით მისი გამოქვეყნების თარიღს.

კითხვა: ინტერნეტ ბიზნესის რეგისტრაციისთვის ყველაზე ხშირად ორ ფორმას ირჩევენ: ინდ. მეწარმეს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს)? თქვენ რომელი მიგაჩნიათ უფრო შესაფერისად? რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს თითოეულ მათგანს?

პასუხი: ვინაიდან თქვენი შეკითხვა აკონკრეტებს მეწარმე სუბიექტებს, თქვენს მიერ დასახელებული სუბიექტებიდან, ინტერნეტ ბიზნესის საწარმოებლად, მართებულად მიმაჩნია საქმიანობის წარმოება შპს–ს დაფუძნებით.

რაც შეეხება თითოეული მათგანის უპირატესობას და ნაკლოვანებას, ეს დამოკიდებულია ბიზნესის სახეობაზე, თუმცა მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო შპს–ს უპირატესობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.

ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, იგი წარმოადგენს იურიდულ პირს და მისი პარტნიორები (დამფუძნებლები) კომპანიის ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.

შპს-ს შემთხვევაში კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ კომპანიის ქონებით.

შპს–ს პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

პარტნიორის მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე (მაგ. „ა“–მ დააფუძნა შპს „X“. დაფუძნებისას წესდებით განსაზღვრა, რომ კომპანიის კაპიტალი შეადგენს 100 ლარს და „ა“ 40 ლარს კაპიტალში შეიტანს დაფუძნებისთანავე, ხოლო დარჩენილ 60 ლარს – დაფუძნებიდან 1 წლის განმავლობაში. „ა“–მ შპს „X“–ში შეიტანა პირველი შენატანი – 40 ლარი, ხოლო მეორე შენატანის განხორციელებამდე, დადგა შპს „X“–ის პასუხისმგებლობის საკითხი კრეტიდორების წინაშე. ამ შემთხვევაში „ა“–ს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე აგრეთვე განისაზღვრება მის მიერ კაპიტალში შეუტანელი 60 ლარით და კრედიტორს უფლება აქვს, რომ 60 ლარი უშუალოდ მოთხოვოს „ა“–ს, იმ შემთხვევაში, თუ შპს „X“–ის ქონება არ არის საკმარისი კრედიტორების დასაკმაყოფილებლად).
პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

კითხვა: რა ვადებში ხდება საწარმოს რეგისტრაცია, ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ
და რა თანხებთანაა იგი დაკავშირებული?

პასუხი: მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

იურიდიული პირის რეგისტრაცისათვის დადგენილია შემდეგი ვადები და მომსახურების ტარიფი:

1 სამუშაო დღეში – 100 ლარი
იმავე დღეს –200 ლარი

ინდივიდუალური მეწარმე:

1 სამუშაო დღეში – 20 ლარი
იმავე დღეს –50 ლარი

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაზე ან განცხადებაზე ხელის მოწერა ხდება რეგისტრატორის თანდასწრებით, დოკუმენტები არ საჭიროებს ნოტარიულად დამოწმებას. რეგისტრატორის მიერ ერთი დოკუმენტის დამოწმების საფასური შეადგენს 5 ლარს.

ეს გახლავთ ოფიციალური ხარჯები.

თუ სუბიექტი ისარგებლებს იურისტის მომსახურებით, აღნიშნულ თანხებს დაემატება, მისი მომსახურების ხარჯებიც, რომელიც დამოკიდებულია საქმის მოცულობასა და იურისტის კვალიფიკაციაზე.

კითხვა: რა ძირითადი გადასახადების გადახდა მოუწევს ინტერნეტ მეწარმეს თავისი
საქმიანობის მანძილზე? სარგებლობენ თუ არა ციფრული პროდუქციის გამყიდველები რაიმე შეღავათებით?

პასუხი: კანონმდებელი არ გამოყოფს ინტერნეტ მეწარმეს დაბეგვრის კუთხით. შესაბამისად, თუ რა გადასახადების გადახდა მოუწევს მეწარმე სუბიექტს, დამოკიდებულია მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე (აქ შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ ნუსხა, სადაც ასახულია გადასახადის სახეები, ვადები და დეკლარაციის წარდგენის ვადები).

გარკვეული შეღავათები არსებობს მხოლოდ იმ იურიდიული პირებისთვის, ვინც ახორციელებს საინფორმაციო ტენოლოგიურ საქმიანობას (კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) და მინიჭებული აქვს შესაბამისი – ვირტუალური ზონის პირის – სტატუსი (სტატუსის მინიჭების წესი და პირობები იხილეთ აქ). ხსენებული სერთიფიკატის მიღების შემდეგ არ იბეგრება :
ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

კითხვა: სად და როგორ ხდება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა?

პასუხი: ყველა მეწარმე სუბიექტი, სახელმწიფო რეგისტრაციასთან ერთად, გადის საგადასახადო რეგისტრაციასაც, რა დროსაც მას ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი. დეკლარაციების წარდგენა ხედება ელექტრონულ ფორმატში შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე.

ესეც ასე… მგონი, დასაწყისისთვის საკმარისია.




ვინც ცდილობთ დაიწყოთ მოღვაწეობაა ინტერნეტ სფეროში და აწარმოვოთ თქვენი პროდუქტი იმედი მაქვს ეგ თემა და პოსტი გამოგადგებათ ყველა დამწყებ ბიზმესმენს. წარმატებები თქვენს საქმეში. და ძალიან გთხოვთ უაზრო კითხვებით ნუ გააფუჭებთ თემას. მხოლოდ იმ პირებმა დაპოსტეთ ვინც უშუალოდ დაინტერესებული ან დაკავებული ხათ ამ სფეროთი
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას