1. patrioti
(Off)
[ 27 Aug 2013, 21:06 ]
დიდი ხანია ისტორიისა და მითოლოგიის კატეგორიაში არ დამიპოსტია და ალბათ თქვენც გაინტერესებთ ეს თემები. ამიტომაც დღეს შევარჩიე თქვენთვის ეგვიპტური მითოლოგია. დიდი ხანია რაც ეგვიპტური მითოლოგიით ვარ გატაცებული და დღეს იმედია მოკლედ მაინც გაგაცნობთ მას.
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ძვ. წ. VI -IV ათასწლეულებში, კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები.
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ძვ. წ. XXVI - XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ძვ. წ. XXI - XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” – შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ძვ. წ. XVI საუკუნის შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე დაფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.
ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ძვ. წ. 485 - ძვ. წ. 424წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ძვ. წ. V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს(ძვ. წ. I - [[ძვ. წ. II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.
მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი. 23 000 წლის წინ. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.
ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგონიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროსშექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ (V დინასტიის ეპოქა) ქვეყანაში გაბატონდა ჰელიოპოლისური (მზის ქალაქი, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგონია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებრივსა და ცოცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოვლენილია ქაოსიდან – ნუნიდან. პირველად მან ღმერთ შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამიწასა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის გამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი – მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი – ცის ქალღმერთი, ანუ თავად ცა.
დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებულთა სამეფოს (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გარდაცვლილთა გულებს წონიდა. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათს ინტერესებს.
ისიდა, დიდი ქალღმერთი, დედობისა და ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოა.
ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა პანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდნენ ხორი უფროსი, სეხტი, ისიდა და ნეფტიდა.
სეხტი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნაყოფიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეხტის ბოროტება და ბოღმაა.
ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა. – ყოველდღე თავისი ნავით ცაზე ადის და მთელ დედამიწას ასხივებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და, გამარჯვებული, კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ-ი – ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის (შუა საუკუნეთა ალქიმიაში ანხ-ი უკვდავების სიმბოლო იყო).
ეგვიპტელთა რწმენით არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება. სააქაო ადამიანთა დროებით, საიქიო კი მუდმივ სამყოფლად წარმოედგინათ. საიქიოს ეგვიპტელები დასავლეთის ქვეყანას ეძახდნენ. დასავლეთის ქვეყნის ღვთაება იყო ოსირისი. ოსირისის მეუღლე კი ისიდა - ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.
ეგვიპტელები უზენაეს ღვთაებად მზის ღმერთებს – რას, ამონსა და ატონს აღიარებდნენ. მათ სწამდათ რომ რა ლოტოსისგან წარმოიშვა. რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ, თვალებისგან – ადამიანები.
პტახი ერთერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ, სამართლიანობის ღვთაებად. ამბობენ, რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც (რა) და მთვარეც (თოტი). ითვლებოდა ხელოვნების მფარველად. იგი ენეადების (9 ღმერთის) თავში დგას. მისი ენით (სიტყვით) და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი- ღმერთებიც და დანაღცენი სხვა არსებებიც. იგია მთელი სამყაროს შემოქმედი.
ხორი (ოსირისის ვაჟი) ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია. მისი გამოხატულებაა ღვთაებრივი არწივი. იბრძვის მამის მკვლელ სეხტის წინააღმდეგ. ითვლება რას და თოტის თანამგზავრად. ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ. იგი ეგვიპტის ფარაონთა ყველა დინასტიის მამამთავარი და ფუძემდებელია. ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს. მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰათხორი - სიყვარულის, მხიარულების, ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი (ბერძენთა აფროდიტე).
საიქიო სამყაროს ღმერთია ანუბისი. იგი გამოისახებოდა ტურისთავიან ადამიანად. ჭირისუფლები ანუბისს ევედრებოდნენ, რომ საიქიოში მიცვალებულისთვის მფარველობა არ მოეკლო.
სებეკი, რომელსაც ხშირად ნიანგის სახით გამოსახავდნენ, ერთერთი მთავარი ღმერთი იყო ეგვიპტურ პანთეონში. მას შესთხოვდნენ სხვადასხვა სენისგან განკურნებას და ცხოვრების მძიმე წუთებში თანადგომას. მისი ცოლი და მდედრული განსახიერებაა ქალღმერთი სებეკეთი, რომელიც ლომისთავიან ქალაქ გამოისახებოდა
გაღმერთებული ცხოველები
ძველ ეგვიპტურ რელიგიში გაღვთაებრივებული ცხოველების სიმრავლე, შესაძლოა, იქაური ფაუნის სიმწირით იყოს გამოწვეული.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებრივი ცხოველი იყო შავი ხარი - აპისი. მემფისის ტაძარში მუდამ ჰყავდათ ცოცხალი ხარი – ღვთაებრივი ხარის მიწიერი განსახიერება. როგორც თეთრი, ისე შავი ხარი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი მკვლელი უმკაცრესაც ისჯებოდა. მკვდარი ხარისთვის ქვის უზარმაზარ სარკოფაგს აგებდნენ. თაყვანს ცემდნენ წმინდა ძროხასაც (”წიგნი ძროხისა”). ძველი ეგვიპტელები ცარგვალს ძოხის სახითაც გამოხატავდნენ, რომელსაც ტანზე ვარსკვლავები ასხდა.
გავრცელებული იყო ნიანგის კულტიც. ტაძრებში, გარდა აპისებიდა, ცოცხალი ნიანგებიც ჰყავდათ. მათ ქურუმები კვებავდნენ. სიკვდილის შემდეგ ნიანგს დააბალზამებდნენ და სარკოფაგში ჩაასვენებდნენ. საკულტო ცხოველებად მიიჩნევდნენ ცხვარსა და ლომსაც, აგრეთვე შავ ძაღლს, ტურას და ა.შ.
[Pasuxi][Cit]|