გზავნილი
1. aqauri (Off)
[ 09 Apr 2020, 2:15 ]
სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა იმ მოვლენიდან,რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს უახლეს ისტორიაზე...
საბჭოთა კავშირის სპეც.დანიშნულების რაზმმა მშვიდობიან მომიტინგეებზე აღმართა ხელი-დაიღვარა უდანაშაულო ადამიანთა სისხლი...
მიუხედავად იმისა,რომ თბილისის სისხლისღვრას დიდი რეზონანსი მოყვა მაშინდელ მსოფლიოში,ბევრი რამ დღემდე ბურუსითაა მოცული...

აქ ადრე იყო თემა 9 აპრილის მოვლენებზე,ვერ წავაწყდი და შევეცადე შემეხსენებია იბერიაფორუმისთვის ეს თარიღი,მსურველებმა დააფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს უდანაშაულოთა სულები...
[Pasuxi][Cit]|
2. aqauri (Off)
[ 09 Apr 2020, 2:34 ]
იმ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ესენი არიან:

ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის.
[Pasuxi][Cit]|
3. aqauri (Off)
[ 09 Apr 2020, 2:56 ]
ბევრი დაიწერა და ითქვა 9 აპრილის მოვლენების შესახებ,ბევრიც უთქმელია დღემდე...
აქ შემოგთავაზებთ მორის ფოცხიშვილის ერთ ლამაზ ლექსს.

ანათემა

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,

მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -

მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,

სისხლი დალია და დამშვიდდა.


დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,

წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -

მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,

ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.


ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,

ნატვრა აუსრულეს ბატონებს,

დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,

მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.


ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,

ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,

ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,

კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.


ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,

მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,

ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,

სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.


შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,

ავად გაგვითენეს შავი დღე,

თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,

”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.


ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,

რომელი მსაჯული და რა ციხე,

ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,

ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.


მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,

ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,

მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,

ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!


მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.

ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,

ღმერთო, სამართალი რომ არ არი,

სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.


ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,

მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ, -

მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,

დარჩა თბილისი და ატირდა.


დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,

ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -

ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,

ბორგავს გონიო და სამშვილდე…


”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო…

გარსა ეხვეოდაო… მარადის

მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…”

გულს მფხანს ქართველების ღაღადი.


ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,

როგორ შეგეხები თითებით,

მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,

ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!


ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,

მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -

ისე არ მოკვდება საქართველო,

დედა არ უტიროს ჯალათებს!
[Pasuxi][Cit]|
4. aqauri (Off)
[ 09 Apr 2020, 3:01 ]
გავკადნიერდები და მორის ფოცხიშვილის ლექსის შემდეგ ჩემსას დავამატებ,რომელიც თავის დროზე სწორედ აქ,იბერიაფორუმში დაიწერა...

მახსოვს სისხლგამშრალი საქართველო-
ყორნებთან მეომარი არწივი...
სისხლით დაბანილი მთა და მდელო...
ნიჩბებით დაჩეხილი აპრილი...

დროშები მაგონდება მგლოვიარე,
თბილისი- მდუმარე და დაზაფრული...
ტიტების ცრემლიანი ოკეანე,
შავებში ჩაცმული გაზაფხული...

წლებმა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაიარეს...
მუმლი ახვევია მუხას ბებერს...
ისევ სისხლი მოსდის ნაიარევს,
ისევ მობობოქრობს ცრემლის ღელე...

დღესაც ბოროტებას ვებრძვით ულევს,
დღესაც ქაშუეთის კვნესის ზარი...
ღმერთო,დალოცე და დაიცავი,
სამშობლო-ტკივილი და საფიცარი... ​​
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას