გზავნილი
1. AC MILAN (Off)
[ 22 Oct 2013, 12:06 ]
რამდენად აფასებ წერა-კითხვის უნარს? ზოგიერთი, შესაძლოა, მას ჩვეულებრივ რამედ თვლის, მაგრამ წერა-კითხვა ცოდნის საფუძველია. კითხვის უნარის გარეშე ცოდნის კარი დახშულია.
ასობით წლის მანძილზე უსინათლოთათვის წერილობითი ინფორმაცია მიუწვდომელი იყო. მაგრამ მე-19 საუკუნეში მათმა მძიმე მდგომარეობამ გულწრფელი ახალგაზრდა კაცი აღძრა, ჩამოეყალიბებინა საკომუნიკაციო მეთოდი, რომელმაც გზა გაუხსნა მას და მილიონობით სხვა ადამიანს.
ტრაგედიით წარმოშობილი იმედი
ლუი ბრაილი დაიბადა 1809 წელს, საფრანგეთში, პარიზიდან 40 კილომეტრით მოშორებულ სოფელ კუვრეში. მამამისი, სიმონ-რენე ბრაილი, მეუნაგირე იყო. პატარა ლუი, ალბათ, ხშირად თამაშობდა მამამისის სახელოსნოში. მაგრამ ერთხელ უბედური შემთხვევა მოხდა. ლუიმ შემთხვევით წვეტიანი ინსტრუმენტი, შესაძლოა სადგისი, თვალში მოიხვედრა. დაზიანების შედეგების აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდა. მდგომარეობა იმით გაუარესდა, რომ ინფექცია მეორე თვალზეც გავრცელდა. სამი წლის ასაკში ლუი სრულებით დაბრმავდა.
მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო გამოსავალი რომ ეპოვათ, ლუის მშობლებმა და მღვდელმა ჟაკ პალუიმ ლუი ადგილობრივ სკოლაში მიაბარეს. ლუი მოსმენილიდან მრავალ რამეს ითვისებდა. რამდენიმე წელი ის კლასში მოწინავე მოსწავლეც კი იყო! მაგრამ ბრმა ადამიანს შეზღუდულად შეეძლო სწავლა იმ მეთოდებით, რომლებიც მხედველობის მქონეთათვის იყო შემუშავებული. აქედან გამომდინარე, 1819 წელს ლუი ჩაირიცხა უსინათლო ახალგაზრდების სამეფო ინსტიტუტში.
ინსტიტუტის დამაარსებელი ვალენტინ ოუვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უსინათლოთათვის კითხვის სწავლების პროგრამა შეიმუშავა. მას სურდა, შეწინააღმდეგებოდა გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ სიბრმავე ადამიანს ხელს უშლიდა განათლების მიღებაში. ოუვის ადრეული ექსპერიმენტები შეიცავდა სქელ ქაღალდზე ამობურცული ასოებით დაწერილ დიდ რელიეფურ შრიფტს. თუმცა ეს ჯერ კიდევ დახვეწილი მეთოდი არ იყო, მაგრამ ამ მცდელობამ მომავალში მის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
ბრაილმა ისწავლა დიდი რელიეფური შრიფტით კითხვა ოუვის პატარა ბიბლიოთეკის წიგნებით. მაგრამ ის მიხვდა, რომ სწავლის ეს მეთოდი ნელი და არაპრაქტიკული იყო. ბოლოს და ბოლოს, ასოები თითებისთვის იყო შემუშავებული და არა დასანახავად. საბედნიეროდ, მის გარდა სხვამაც შენიშნა ეს შეზღუდვები და ამოქმედდა.
მოულოდნელი იდეა
1821 წელს, როდესაც ლუი ბრაილი მხოლოდ 12 წლის იყო, ინსტიტუტს საფრანგეთის არტილერიის გადამდგარი კაპიტანი შარლ ბარბიე ესტუმრა. მან წარადგინა საკომუნიკაციო საშუალება ღამის დამწერლობის სახელწოდებით, რომელსაც მოგვიანებით სონოგრაფია ეწოდა. ღამის დამწერლობა ბრძოლის ველზე განვითარდა. ეს იყო ხელით შესახები საკომუნიკაციო მეთოდი, რომელშიც გამოიყენებოდა მართკუთხა ფორმით განლაგებული ამობურცული წერტილები — სიმაღლეში ექვსი და სიგანეში ორი. შიფრის მეშვეობით სიტყვების ფონეტიკურად გადმოცემის ამ იდეამ ინტერესი გამოიწვია სკოლაში. ბრაილმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ამ მეთოდის გამოყენება და გააუმჯობესა კიდეც. მაგრამ ეს სისტემა ნამდვილად პრაქტიკული რომ გამხდარიყო, ბრაილს ძალისხმევა სჭირდებოდა. თავის დღიურში ის წერდა: „თუ თვალები არ მაძლევს საშუალებას, შევისწავლო ადამიანები და მოვლენები, იდეები და მოძღვრებები, ვალდებული ვარ, გამოსავალი მოვძებნო“.
მომდევნო ორი წლის მანძილზე ბრაილი გულმოდგინედ მუშაობდა შრიფტის გამარტივებაზე. საბოლოოდ, მან შეიმუშავა დახვეწილი და მარტივი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ექვსი წერტილის კომბინაციაზე, სადაც სამი წერტილი სიმაღლეშია განლაგებული და ორი სიგანეში. 1824 წელს, 15 წლის ასაკში, ლუი ბრაილმა დაამთავრა ეს სისტემა. მას შემდეგ სულ მალე ბრაილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ინსტიტუტში და 1829 წელს გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისი უნიკალური საკომუნიკაციო მეთოდის შესახებ, რომელიც მისი სახელით იწოდება. მისი სისტემა ძირითადად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო წვრილმანებს.
ბრაილის შრიფტი ხელმისაწვდომი ხდება მსოფლიოს მასშტაბით
XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს გამოიცა პირველი წიგნი, რომელიც ბრაილის რელიეფური შრიფტის გამოგონებას ეხებოდა, მაგრამ ამ გამოგონებას ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია. თვით ინსტიტუტშიც კი ახალი შრიფტი ოფიციალურად მხოლოდ 1854 წელს, ბრაილის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, დანერგეს. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, ამ შესანიშნავმა მეთოდმა პოპულარობა მოიპოვა.
რამდენიმე ორგანიზაცია ბეჭდავს ლიტერატურას ბრაილის შრიფტით. საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ მსგავსი ლიტერატურის გამოცემა 1912 წელს დაიწყო, როცა ეს შრიფტი ჯერ კიდევ დანერგვის პროცესში იყო ინგლისურად მოლაპარაკეთათვის. დღესდღეობით, საზოგადოება თანამედროვე მეთოდებით ამოტვიფრული ბრაილის შრიფტით მილიონობით გვერდს ბეჭდავს წელიწადში რვა ენაზე და 70 ქვეყანაში ავრცელებს. ახლახან საზოგადოებამ გააორმაგა ლიტერატურის რაოდენობა, რათა დაეკმაყოფილებინა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიბლიურ ლიტერატურაზე მზარდი მოთხოვნილება.
დღესდღეობით მარტივი, მაგრამ ოსტატურად შექმნილი ბრაილის შრიფტი ბეჭდვით სიტყვას ხელმისაწვდომს ხდის მილიონობით მხედველობადაქვეითებულთათვის. მადლობა კი ეკუთვნის ახალგაზრდას, რომელმაც თითქმის 200 წლის წინათ ამ საქმეს ერთგულად შეალია ძალ-ღონე.
[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]
ბრაილის შრიფტის გაშიფვრა
ბრაილის შრიფტი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება ერთი ან ორივე ხელით. ის შეიცავს წერტილების 63 შესაძლო კომბინაციას. აქედან გამომდინარე, ანბანთა უმეტესობის ყველა ასო და სასვენი ნიშანი შეიძლება აღინიშნოს წერტილების განსაკუთრებული კომბინაციით. ზოგიერთ ენაში არსებობს ბრაილის შრიფტის შემოკლებული ფორმები და ზოგიერთი კომბინაციით აღნიშნულია ასოთა შეთანხმებები და მთლიანი სიტყვები, რომლებსაც ხშირად იყენებენ. ზოგიერთი ისე გაიწაფა ბრაილის შრიფტის კითხვაში, რომ წუთში 200 სიტყვის წაკითხვა შეუძლიათ!
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას