გზავნილი
1. AC MILAN (Off)
[ 22 Oct 2013, 11:53 ]
გსმენიათ რამე ჯოხებით სიარულზე? ის დღეს ფინეთში საკმაოდ პოპულარულ ვარჯიშად ითვლება. ამგვარი სიარულისას ხელში ჯოხები უჭირავთ — დაახლოებით ისეთი, როგორიც მოთხილამურეებს აქვთ. როგორ გავრცელდა ამ სახის სიარული და რისთვისაა ის სასარგებლო?
ჯოხებით მოსიარულე ადამიანის დანახვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ თხილამურების გარეშე დარჩენილი მოთხილამურე დადის. საინტერესოა, რომ ჯოხებით სიარულს დასაბამი სწორედ მოთხილამურეებმა მისცეს. საზაფხულო ვარჯიშების დროს დატვირთვის მომატების მიზნით ისინი თავიანთი თხილამურების ჯოხებით დადიოდნენ. 80-იან წლებში ჯოხებით სიარული სხვა სპორტული სახეობების წარმომადგენლებისთვისაც ერთ-ერთ ეფექტურ ვარჯიშად იქცა. 90-იანი წლების მიწურულისთვის კი მან ხალხშიც მოიპოვა პოპულარობა. გელაპის ინსტიტუტის მიერ 2004 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 760 000 ფინელი ანუ ქვეყნის მოსახლეობის 19 პროცენტი, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც დადის ჯოხებით. „დღეს ფინეთში ჯოხებით სიარული პოპულარობით მხოლოდ ჩვეულებრივ სიარულს ჩამორჩება“, — ამბობს ტუომო იანტუნენი, ზემოხსენებული გამოკითხვის მოთავე ორგანიზაციის, „სუომენ ლატუს“, აღმასრულებელი დირექტორი. გასულმა წლებმა ცხადყო, რომ ამგვარი სიარული მხოლოდ დროებითი გატაცება არ ყოფილა. მან თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი.
სიარული რომ სასარგებლოა, ეს ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ რისი თქმა შეიძლება ჯოხებით სიარულზე? „ჯოხებით სიარული განსაკუთრებით სასარგებლოა სხეულის ზედა ნაწილისთვის, მათ შორის მკლავების, ზურგისა და მუცლის კუნთებისთვის“, — ამბობს ფიზიოთერაპევტი იარმო აჰონენი, რომელსაც ამავდროულად ჯოხებით სიარულის დიდი გამოცდილება აქვს. „ის აგრეთვე ხელს უწყობს კისერში და მხრებში დაძაბულობის მოხსნას, რასაც ხშირად უჩივიან ოფისებში მომსახურეები“, — დასძენს იგი.
ჩვეულებრივი სიარულისგან განსხვავებით, ჯოხებით სიარულისას უფრო მეტ კუნთზე მოდის დატვირთვა და, შესაბამისად, მეტი კალორია იხარჯება. ჯოხების გამოყენებით უფრო ადვილია სიარულის აჩქარება და პულსის სიხშირის გაზრდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. ასეთი ვარჯიშის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ჯოხები, მათი სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, ადამიანს ეხმარება უფრო გამართულ სიარულში. „ჯოხებით სიარული ხსნის სახსრების დაძაბულობას, რადგანაც სხეულის სიმძიმე ჯოხებზე ნაწილდება“, — ამბობს აჰონენი. ერთი მოყვარულის თქმით, წაწვეტებული ჯოხები მას მოლიპულ ზედაპირზე სიარულისას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ზამთარში ხანში შესულები ასეთი სახით იწყებენ სიარულს, რადგან ამ დროს მიწა ხშირად თოვლითა და ყინულითაა დაფარული.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას