1. LILITH
[Mod] (Off)
[ 21 Sep 2013, 21:32 ]
სისხლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ფილტვებში შეთვისებული ჟანგბადი ორგანიზმის ყოველ უჯრედამდე მიიტანოს და იქიდან ფილტვებში დაიბრუნოს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოშობილი ნახშირორჟანგი. ჟანგბადის გადატანა ხდება ერითროციტების მეშვეობით. ერითროციტი, ანუ სისხლის წითელი ბურთულა მრგვალი ფორმის, ბრტყელი უბირთვო უჯრედია. იგი გამოტენილია რკინის შემცველი წითელი ნივთიერებით, რომელსაც ჰემოგლობინი ეწოდება. ჰემოგლობინს უნარი აქვს შეიერთოს ჟანგბადი და შემდეგ გადასცეს იგი სხვადასხვა ქსოვილს.
ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში 14-16% შეადგენს. თუ ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირდა, ასეთ მდგომარეობას ანემია ეწოდება.
ბევრნაირი ანემია არსებობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზებთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა მექანიზმით ვითარდება. ანემია ყოველთვის არის რომელიმე სხვა ძირითადი დაავადების გართულება, ამიტომ უპირველესი ამოცანაა ამ პირველადი დაავადების გამოცნობა, ხოლო მკურნალობა სჭირდება როგორც ძირითად დაავადებას, ისე თვით ანემიას.
ხშირად გვხვდება ე.წ. პოსტჰემორაგიული ანემია (ჰემორაგია სისხლდენას ნიშნავს). ეს ანემია ვითარდება იმის შედეგად, რომ ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისტემატურად ცოტ-ცოტა სისხლს კარგავს. ასე ხდება, მაგალითად, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, გაძლიერებული და გახანგრძლივებული თვიურის, ფიბრომის, ცუდად გაკეთებული აბორტის ნიადაგზე. ფარული სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, საიდანაც ცოტ-ცოტა სისხლი იკარგება; ზოგჯერ განმეორებით სისხლდენებს იძლევა ბუასილი. სისხლდენასთან და ორგანიზმის მოშხამვასთან არის დაკავშირებული პარაზიტული ჭიებით - ანკილოსტომიდებით გამოწვეული ანემია. ეს დაავადება წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ერთეულ შემთხვევაში დღესაც შეიძლება შეგვხვდეს.
ანემიის განვითარებას ხელს უწყობს კუჭის მარილმჟავას გამოყოფის შეწყვეტა, რადგან ასეთ პირობებში დაქვეითებულია ნაწლავებიდან რკინის შეწოვა. ზოგჯერ ანემია ვითარდება ფეხმძიმობის დროს და ძუძუთი ბავშვის კვების პერიოდში.
ანემია შეიძლება განვითარდეს მთელი რიგი დაავადებების დროს, იმის გამო, რომ ძვლის ტვინში დათრგუნულია ერითროციტების და ჰემოგლობინის წარმოშობა. ასე ხდება სხვადასხვა ქრონიკული ინფექციური დაავადების, ტუბერკულოზის დროს, ქრონიკული ნეფრიტის და თირკმლების უკმარისობის შემთხვევებში, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, ელენთის გადიდების ნიადაგზე. ძვლის ტვინის დათრგუნვასთან არის დაკავშირებული ანემია სიმსივნური დაავადებების დროს.
შედარებით იშვიათად გვხვდება ანემია, რომელიც ვითარდება ერითროციტების გაძლიერებული და ნაადრევი დაშლის შედეგად. ეს არის ე.წ. ჰემოლიზური ანემიის ჯგუფი. იგი შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერების მოხვედრის შედეგად ან ორგანიზმის დამცველი სისტემის - იმუნიტეტის გაუკუღმართების გამო.
ანემიის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
* ყოველდღიურად, დილა-საღამოს სვამენ 2-2 სუფრის კოვზ ჭარხლის, სტაფილოსა და ბოლოკის ახალი წვენების ნარევს შეფარდებით 1:1:1
* ყოველ დილას უზმოზე ჭამენ 100 გ გახეხილ სტაფილოს არაჟნით ან ზეთით.
* 150 გრ ალოეს ახალ წვენს ურევენ 250 გრ თაფლსა და 350 მლ ღვინოს. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.
* ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით (200 გრ) ურევენ ნიგოზს, გარგარის ჩირს, ქიშმიშს, ლიმონს კანიანად (ყველაფერს გატარებულს), თაფლს. ღებულობენ დღეში რამდენჯერმე ჩაის კოვზით.
* რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის დროს გამოიყენება ხურტკმელის ნაყოფი, ატამი, ლეღვი, ბროწეული, კარტოფილი, გოგრა, ხახვი, ნიორი, კამა, წიწიბურა, სალათა, მარწყვი, ყურძენი.
* ანემიის დროს კარგ საშუალებად ითვლება ბროწეულის წვენი შაქრით.
* ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ზრდის რკინის შეთვისებას ორგანიზმში. ამ ვიტამინს შეიცავს: შავი მოცხარი, ასკილი, ატამი, ქაცვი, ყაბაყი, მსხალი, ბადრიჯანი, ნესვი და სხვა.
წყარო
http://www.mlk.ge/293.html
[Pasuxi][Cit]|