გზავნილი
1. LILITH [Mod] (Off)
[ 24 Sep 2013, 22:10 ]
იუდაიზმი

იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა. როგორც ბიბლიიდან ვიცით, მოსეს მიერ ებრაელებს მიეცათ სჯული, რომელიც მათ, როგორც ღვთის რჩეულებს, მოამზადებდა ძე ღმერთის განკაცებამდე, ანუ ძველი აღთქმა იყო მომამზადებელი იმ წიაღისა, რომელშიც უნდა შობილიყო მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ებრაელი ერი იყო ერთადერთი ერი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა თვით უფალმა აუწყა მოსეს პირით. ძველი აღთქშის რელიგია განსაზღვრავდა ებრაელთა ცხოვრებისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ასპექტს - ლოცვიდან და მსხვერპლშეწირვიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო წეს-ჩვეულებებით დამთავრებული, მაგრამ როგორც ბიბლიური ისტორია გვიჩვენებს, ერს მთლიანობაში ძალზე უჭირდა მოსეს მცნებების მიხედვით ცხოვრება, იგი ხშირად მიიდრიკებოდა ხოლმე წარმართობისაკენ და უცხო ტომთა „ღმერთებს“ სცემდა თაყვანს. ერის ამგვარი განდგომილებისა და უსჯულოების მამხილებელნი იყვნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც დაბნეულ ერს კვლავ ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისა და თაყვანისცემისაკენ მოუწოდებდნენ.

სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა ვერ შეიცნო ქრისტე ღმერთად და მხსნელად. მათი მესიისადმი მოლოდინი დეფორმირებული გახლდათ. კერძოდ, ისინი პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ, რომელიც არა მარტო რომაელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა ებრაელებს, არამედ პირიქით, ყველა სხვა ხალხზე გააბატონებდა მათ. ისრაელთა მაშინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურ არსებას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს ადამიანთან, შეიძლება ჰყავდეს ძე, და ისიც დამცირებული და ჯვარცმული, ამიტომაც იქცა ქრისტე, როგორც პავლე მოციქული წერს „იუდეველთათვის საცდურად“ და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულები ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ღვთის რჩეულობა, ხოლო იუდეური რელიგია ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შემდგომ უქმ იქმნა.

70 წელს რომაელებმა ებრაელთა აჯანყების საპასუხოდ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, რის შემდეგაც იუდაური ღვთისმსახურება სინაგოგებში (ებრ. ბეთ ჰა.ქნესეთ) ლოცვითა და ბიბლიის (თორის) შესწავლით ამოიწურება. ტაძრის დანგრევის შემდგომ არა მარტო მსხვერპლშეწირვა შეწყდა, არამედ იუდეველებმა ერთიანი სულიერი ცენტრიც დაჰკარგეს.

იუდაისტური რელიგია მთელი შემდგომი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ებრაელთა ნაციონალური კონსოლიდაციისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა რელიგიური თვალსაზრისი შუა საუკუნეებში არსებითად ძველი აღთქმის წიგნებს (უპირველეს ყოვლისა მოსეს ხუთწიგნეულს - თორას) ემყარებოდა [1], ებრაელები ძველ რაბინთა გადმოცემებსაც აღიარებდნენ, რომლებიც თავდაპირველად ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მოგვიანებით კი ისინი ჩაიწერეს და „თალმუდის“ (მოძღვრება, მეცნიერება) სახელით გააერთიანეს, რომელიც ებრაელთათვის მეორე კანონად იქცა. თალმუდის ორი სახეობა არსებობს: ბაბილონური და იერუსალიმური ანუ პალესტინური.

შუასაუკუნეობრივი იუდაიზმის წიაღში ჩაისახა ებრაული ფილოსოფიაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსეს სჯულსა და ანტიკური ფილოსოფიის დაახლოებას სათავე ჯერ კიდევ ფილონ ალექსანდრიელმა დაუდო. ებრაული ფილოსოფია სამი მიმართულებით განვითარდა: ნეოპლატონური, არისტოტელური და კაბალისტური. პირველი მათგანის ძირითადი წარმომადგენელია XI საუკუნეში ესპანეთში მოღვაწე იბნ-გებიროლი, რომელიც სქოლასტიკოსთა შორის ავიცებრონის სახელითაა ცნობილი. არისტოტელური ფილოსოფია დასაბამს საადია ფაიუმისაგან იღებს (IX-XI), ხოლო მის ყველაზე დიდ წარმომადგენლად მოსე მაიმონიდი (XII საუკუნე) ითვლება. რაც შეეხება კაბალას, იგი გადმოცემულია ორ წიგნში: „იეცირასა“ და „ზოჰარში“. პირველი მათგანი ბენ-აკიბას მიეწერება, ხოლო მეორე მის ვაჟს - სიმონ ბენ იოხიას, რომლებიც II საუკუნეში მოღვაწეობდნენ, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს კაბალა მხოლოდ შუა საუკუნეებში შექმნილად მიაჩნია, როდესაც ებრაელებმა არაბთა მეშვეობით ნეოპლატონიზმი გაიცნეს და მისი მისტიციზმის გავლენა განიცადეს. როგორც ჩანს, მიუხედავად ძველი წარმომავლობისა, კაბალისტურმა მოძღვრებამ დასრულებული სახე შუა საუკუნეებში მიიღო. იგი ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მისი საიდუმლო, ეზოტერიული სწავლება უხვად კვებავდა სხვადასხვა ოკულტურ მიმდინარეობას: ალქიმიიდან მოყოლებული და ანთროპოსოფიით დასრულებული.

კაბალა თავს საიდუმლო მოძღვრებად ასაღებს. კაბალისტების მიხედით, საღმრთო წერილის გარეგანი შინაარსის ქვეშ უფრო ღრმა და მისტიკური აზრია დაფარული და სწორედ იგია სრული და საბოლოო ჭეშმარიტების წყარო, რომელიც ღმერთმა გაანდო მოსეს და გადმოცემით გადადიოდა თაობიდან თაობაში, ვიდრე საბოლოოდ კაბალისტურ წიგნებში არ იქნა ჩაწერილი. ზოგჯერ კაბალას ებრაულ გნოსტიციზმადაც მიიჩნევენ.

კაბალისტები თვითმყოფ ღვთაებრივ პრინციპს განიხილავენ, როგორც ერთგვაროვან, განუსაზღვრელსა და მარტივ ერთობას, რომელიც თავისი აბსოლუტური ტრანსცენდენტურობით არის საკუთრივ არარაღაც (ენ-სოფი), მაგრამ იგი იმავდროულად მაინც ყველაფერია, რადგანაც ყველაფერი მისგან იღებს დასაბამს.

ენ-სოფი არის დასაბამიერი ნათელი, რომელიც თავდაპირველად მთელ სივრცეს ავსებდა, მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც სხვა შექმნილიყო, მან თვითკონდენსაცია მოახდინა და ამ გზით წარმოქმნა სიცარიელე, რომელიც შემდეგ მისგანვე მომდინარე ზომიერი და თანდათანობით კლებადი შუქით აავსო. ასე დაუდო დასაბამი ღმერთმა საგნებს, ამიტომაც, კაბალისტების აზრით, როცა ამბობენ, რომ ღმერთმა სამყარო „არაფრისაგან“ შექმნა, „არაფერში“ ის გონითმიუწვდომელი ყოფიერება იგულისხმება, რომელშიაც უნდა მოვიაზროთ ღმერთი თავისი თვითმყოფადობით, ხოლო ის, რასაც „სამყაროს შექმნას“ ვუწოდებთ, სხვა არა არის რა, თუ არა სამყაროს ემანაცია ღვთაებრივი „არაფრისაგან“. აქ აშკარად ჩანს ნეოპლატონისტური ემანაციური პანთეიზმის გავლენა. პირველი, რაც ამ გზით წარმოსდგება ღმერთის, როგორც დასაბამური ნათელისაგან, არის პირველი კაცი ადამ კადმონი, რომელშიც განუსაზღვრელი პირველად გადადის განსაზღვრულში. იგი მთელი „შესაქმეს“ პროტოტიპია, ყველა არსების ერთობლიობა, მარადიული სიბრძნე. ღმერთის ჭეშმარიტი ძე, მასში როგორც მიკროკოსმოსში კონცენტრირებულია მთელი სამყაროული ყოფიერება.

ადამ კადმონის მეშვეობით ღმრთისაგან ემანირდება ათი სეფიროთი. ისინი ორმაგი თვალსაზრისით შეიძლება იქნენ განხილულნი: ერთი მხრივ ღმერთთან, ხოლო მეორე მხრივ სამყაროსთან მათი მიმართებით. პირველ შემთხვევაში ისინი ღმერთის შემოქმედებით ატრიბუტებად, მისი გამოვლენილი არსებობის მოდუსებად გვევლინებიან, ამიტომაც კაბალისტები მათ ღვთაებრივ სახეებს უწოდებენ. ე.ი. ღმერთი სეფიროთების სახით ვლინდება და მათივე მეშვეობით შეიმეცნება, სეფიროთების შუაგულშია ადამ კადმონი, რომელსაც ამის გამო შეიძლება მათი ერთობა ეწოდოს. სამყაროსთან მიმართებით კაბალისტებს სეფიროთები ათი სხივმფრინარე კონცენტრული წრის სახით წარმოუდგენიათ ისინი ღმერთისაგან იღებენ დასაბამს და ამრიგად განაპირობებენ სამყაროს დაბადებას.

ღმერთის ატრიბუტად თუ გამოვლინებებად წარმოსახული სეფიროთები სამ-სამადაა დაჯგუფებული. ისინი ერთმანეთს ექვემდებარებიან, რის შედეგადაც მიიღება სამგზისი სამება. მას ემატება მეათე სეფირა, როგორც სამივე სამების საერთო შედეგი.

პირველი და უმაღლესი სამება მოიცავს: გვირგვინს, სიბრძნესა და გონებას. მეორე სამება ასე წარმოგვიდგება: მშვენიერება, მოწყალება და სამართლიანობა, ხოლო მესამე სამება აერთიანებს: საფუძველს, ზეიმს და დიდებას. უკანასკნელი, მეათე სეფირაა მეუფება - დანარჩენ სეფიროთა შორის არსებული ჰარმონიისა და სამყაროზე მათი აბსოლუტური მბრძანებლობის გამოხატულება.

სეფიროთები ის საზღვრებია, რომლებითაც ღვთაებრივი ყოფიერება თვითონვე იფარგლავს თავს.

თუ სეფიროდებს სამყაროსთან მათი მიმართების მიხედვით განვიხილავთ, რადგან ისინი, როგორც ღვთაებრივი ემანაციები, განაპირობებენ სამყაროს დაბადებას, აქაც საქმე გვაქვს სამგზის სამნაწილედობასთან, სეფიროთთა სამგზისი სამების შესაბამისად არსებობს სამი სამყარო.

1. ბერია - უპირველესი და უზენაესი სეფირა, ესაა ე.წ. „შინაგანი“ ცა, ღვთის უშუალო საყდარი და ინტელიგიბელურ სულთა სავანე.

2. იეცირა - რომელიც მოსდევს ბერიას - სამი საშუალო სეფირის საბრძანისი. იგია „გარეგანი“ ცა, უზენაესი და უნეტარესი სხეულებით მოსილი ანგელოზების სავანე. ანგელოზთა სავანეში დგას მეტატრონოსი.

3. ასია - ქვედა სამყარო. აქ სამი უკანასკნელი სეფირა მბრძანებლობს. იგი ელემენტთა და ბუნების სამყაროა.

ამ სამი სამყაროს ზემოთ დგას პირველნიმუშთა სამყარო - აცილუთი. მას ისე მიემართება ზემოხსნებული სამი სამყარო, როგორც ასლი დედანს. იგი არსებითად სხვა არაფერია, თუ არა თვით ადამ კადმონი, ვინაიდან სწორედ ის აერთიანებს თავის თავში ყველა იდეას, როგორც ყოველი საგნის პირველ ნიმუშს, მას შუალედური ადგილი უჭირავს ღვთაებრივსა და შექმნილ სამყაროთა შორის. თავის მხრივ ბერიას, იეცირასა და ასიას შორისაც ისეთივე თანაფარდობა არსებობს, როგორც პირველნიმუშსა და მის ხატს შორის ანუ უფრო მაღალი სამყარო მომდევნოს პირველნიმუშია.

ყველაზე დაბალ საფეხურზე ემანაციური ნაკადი მატერიაში გადადის, რომელიც იმის შედეგად იქმნება, რომ ღმერთიდან გამონაშუქი ნათელი თავისი პირველწყაროდან უკიდურესი სიშორის ზღვარზე თითქმის ქრება და იშრიტება, იგია მიმქრალი ნათელი, სიბნელე და რაკი სიბნელე უპირისპირდება სინათლეს, ხოლო ეს უკანასკნელი კი სიკეთეა, ამიტომ მატერია ბოროტების საუფლოა. სიბნელეა ბოროტ სულთა და მათი მთავრის სამაელის საბრძანისი. ამრიგად, კაბალა ბოროტების საწყისად მატერიის აღიარებით უპირისპირდება ბოროტებაზე ბიბლიურ შეხედულებას (რომლის მიხედვითაც ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა) და ნეოპლატონურ პოზიციაზე დგება.

კაბალისტები ლაპარაკობენ უწინ არსებულ სამყაროზე, რომელიც წინ უსწრებდა აწინდელს, მაგრამ ამ უკანასკნელის შექმნამდე დაიღუპა, რის მიზეზადაც ისინი ანგელოზთა დაცემას ასახელებენ. ანგელოზი ოდინდელი სამყაროს მბრძანებელი იყო, მაგრამ სცოდა და ციდან ჩამოგდებულ იქნა. ამასთან ერთად დაიქცა თვით ის სამყაროც, რომლის ნანგრევებიდან აღდგა ახალი სამყარო, რომლის მბრძანებელიცაა ადამიანი.

კაბალისტური ანთროპოლოგია ადამიანში სხეულსა და სულს განასხვავებს, ხოლო ამ უკანასკნელს სამნაწილედად განიხილავს. ესენია: ნეფეში, რუახი და ნეშამა. ისინი სამ სამყაროს შეესაბამებიან: ნეფეში - ასიას, რუახი - იეცირას, ხოლო ნეშამა - ბერიას. ნეფეში - ცხოველური სიცოცხლისა და გრძნობადი აღქმის საწყისია, ნეშამა - წმინდა ინტელიგენციისა, სული რომელსაც ბოროტის ქმნა არ ძალუძს. რაც შეეხება რუახს, იგი ამ ორს შორის დგას, როგორც ზნეობრივი ცხოვრების სუბიექტი. ამის შესაბამისად, თუ რუახი ნეშამას ემორჩილება ადამიანი სათნო და კეთილია და პირიქით, ბიწიერია, თუ რუახი ნეფეშს, ანუ ქვენა გრძნობებს მორჩილებს.

სულის სამნაწილედობას კაბალისტები მისი წინარე არსებობის თეორიას უკავშირებენ. თუმცა სულის სხეულთან შეერთებას ორიგენესაგან განსხვავებით სულის ცოდვით დაცემის შედეგად არ მიიჩნევენ. მათი აზრით, ამგვარი შეერთების მიზეზი ისაა, რომ სულს წინასწარგანჩინებით ხვდება ასეთი ხვედრი. სხეულში ცხოვრებით მან უნდა მოიხადოს თავისი ვალი და აღასრულოს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება. კაბალისტების მტკიცებით, სული, რომელიც ბოროტად იყენებს თავისუფლებას ამქვეყნად, ჯერ კიდევ თავის ზესხეულებრივ არსებობაში თანდათანობით შორდებოდა ღმერთს და სწორედ ეს გახდა მისი ზნეობრივი დაცემის მიზეზი.

კაბალა აღიარებს სულთა ტრანსმიგრაციის - მათი გადასახლებისა და გარდასხეულების თეორიას. იმისათვის, რომ აბსოლუტური არსების წიაღს დაუბრუნდნენ, სულებმა თავიანთი სულქმნილება უნდა განავითარონ ათასგვარი განსაცდელისა და გამოცდის გავლით და ასე მიაღწიონ თავიანთი წარმომავლობის შემეცნებას. თუკი ერთი სიცოცხლის მანძილზე ვერ შეძლეს ამ ამოცანის შესრულება, მაშინ სულები სხვა სხეულში უნდა გადასახლდნენ. საბოლოოდ ისინი მაინც უბრუნდებიან ღმერთს და მის წიაღში განიღმრთობიან.

კაბალისტების ამგვარი თვალსაზრისი, ერთი მხრივ, ძალზე წააგავს სულთა შესახებ პლატონურ სწავლებას, მეორე მხრივ კი, ინდუიზმისათვის დამახასიათებელ მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) თეორიას ეხმაურება, კაბალისტიკის ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს. ამას გარდა, იუდაიზმი და კერძოდ მისი მისტიკური სწავლება, მკვეთრად დაუპირისპირდა ქრისტიანობას და დიდი ხნით მოწამლა ევროპის სულიერი ატმოსფერო.

„აპოლოგეტიკური წერილები“, თბილისი, 2001 წ.
ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე

- See more at: http://www.orthodoxy.ge/apo...ash.P7qCrYWq.dpuf
[Pasuxi][Cit]|
[ like 1 ]
2. LILITH [Mod] (Off)
[ 24 Sep 2013, 22:10 ]
თემა საინფორმაციო ხასიათისაა,ვერ დაპოსტავთ!
[Pasuxi][Cit]|

ეს თემა დახურულია, თქვენ ვერ შეძლებთ ახალი პოსტების წერას და ვერც ძველების რედაქტირებას.
მთავარ გვერდზე
Save .txt
თემა დახურა ავტორმა

პლიუსი თემას