1. AC MILAN
(Off)
[ 22 Sep 2013, 21:49 ]
ათას ექვსას ოცდაცამეტი წლის 22 ივნისია. დაუძლურებული ხნიერი მამაკაცი მუხლებზეა დაჩოქილი რომის ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე. ის თავისი დროის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მისი მეცნიერული მრწამსი მრავალწლიან სწავლასა და კვლევა–ძიებას ეფუძნება. მაგრამ, თუ მას სიცოცხლის შენარჩუნება სურს, უარი უნდა განაცხადოს იმაზე, რასაც ჭეშმარიტებად თვლის.
მას ერქვა გალილეო გალილეი. გალილეოს საქმემ, როგორც მას მრავალი უწოდებს ასე, ბევრი ეჭვი და კითხვა დაბადა და ისეთი მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რომ მის შესახებ დღესაც, თითქმის 370 წლის შემდეგაც კი არ დამცხრალა კამათი. ამ შემთხვევამ რელიგიისა და მეცნიერების ისტორიას წარუშლელი კვალი დააჩნია. რატომ ატყდა ამ საქმის გარშემო ასეთი დიდი ხმაური? და რატომ არის დღესაც აქტუალური გალილეოს შემთხვევა? მართლა ხომ არ ასიმბოლოებს ის „ბზარს მეცნიერებასა და რელიგიას შორის“, როგორც მას ერთმა მწერალმა უწოდა?
ბევრი ადამიანი გალილეოს „თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებლად“ მიიჩნევს. ის იყო მათემატიკოსი, ასტრონომი და ფიზიკოსი. გალილეო ერთერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, რომლებიც ტელესკოპის მეშვეობით იკვლევდნენ ცას. თავისი გამოკვლევების შედეგად მან მხარი დაუჭირა იდეას, რომლის გარშემოც მის დღეებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული, კერძოდ კი იმას, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და ამიტომაც ჩვენი პლანეტა არ არის სამყაროს ცენტრი. გასაკვირი არაა, რომ გალილეოს ზოგჯერ თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდის ფუძემდებლად თვლიან.
რომელია მისი ზოგიერთი აღმოჩენა და გამოგონება? როგორც ასტრონომმა, სხვა ყველაფერთან ერთად, მან აღმოაჩინა, რომ იუპიტერს ჰყავს თანამგზავრები, გალაქტიკა „ირმის ნახტომი“ შედგება ვარსკვლავებისგან, მთვარეზე მთებია და ვენერასაც ისეთივე ფაზები აქვს, როგორც მთვარეს. როგორც ფიზიკოსმა, მან შეისწავლა ქანქარის რხევასა და სხეულთა ვარდნასთან დაკავშირებული კანონები. მან გამოიგონა ლოგარითმული სახაზავის ერთგვარი ნაირსახეობა — გეომეტრიული კომპასი. ჰოლანდიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მან ააწყო ტელესკოპი, რომელმაც თვალწინ სამყაროს სარკმელი გაუხსნა.
სამწუხაროდ, საეკლესიო იერარქიასთან ხანგრძლივმა დაპირისპირებამ ამ გამოჩენილ მეცნიერს სიცოცხლე გაუმწარა და ბოლოს გადაიზარდა სასამართლო საქმეში, რომელსაც გალილეოს საქმე ეწოდა. როგორ განვითარდა ეს კონფლიქტი და რა იყო ამის მიზეზი?
კონფლიქტი რომთან
ჯერ კიდევ XVI საუკუნის მიწურულს გალილეო დარწმუნდა კოპერნიკის თეორიის სისწორეში, რომლის თანახმადაც დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით. ამას ეწოდა ჰელიოცენტრული სისტემა (სადაც ცენტრში მზეა). მას შემდეგ, რაც 1610 წელს გალილეომ ტელესკოპის მეშვეობით ისეთი ციური სხეულები აღმოაჩინა, რომლებიც მანამდე არავის ენახა, თავადაც დარწმუნდა ჰელიოცენტრული სისტემის უტყუარობაში.
როგორც იტალიურ ენაზე გამოცემულ ერთ ენციკლოპედიაშია (Grande Dizionario Enciclopedico UTET) მოთხრობილი, გალილეოს აღმოჩენებზე უფრო მეტი რამის გაკეთება სურდა. მას უნდოდა დაერწმუნებინა „იმ დროის მაღალი წოდების პირები (პრინცები და კარდინალები)“ იმაში, რომ კოპერნიკის თეორია სრული ჭეშმარიტება იყო. ის იმედოვნებდა, რომ გავლენიანი მეგობრების დახმარებით დაძლევდა ეკლესიის წინააღმდეგობას და მის მხარდაჭერასაც კი მოიპოვებდა.
1611 წელს გალილეო რომში გაემგზავრა, სადაც მაღალი წოდების სასულიერო პირებს შეხვდა. ტელესკოპის მეშვეობით მან თავისი ასტრონომიული აღმოჩენები უჩვენა მათ, მაგრამ საქმე ისე არ წარიმართა, როგორც მეცნიერი იმედოვნებდა. 1616 წლისთვის ეკლესია უკვე დიდი უნდობლობით ეკიდებოდა მის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს.
რომის ინკვიზიციის თეოლოგებმა ჰელიოცენტრულ თეორიას უწოდეს „ფილოსოფიის თვალსაზრისით სულელური და აბსურდული, ხოლო შინაარსობრივად — მწვალებლური, ვინაიდან ის ბევრგან აშკარად ეწინააღმდეგება საღვთო წერილში ჩაწერილ აზრებს, კერძოდ კი მათ პირდაპირ გაგებას, საყოველთაოდ მიღებულ ახსნა–განმარტებასა და წმინდა მამებისა და ღვთისმეტყველების დოქტორთა ინტერპრეტაციას“.
გალილეო შეხვდა კარდინალ რობერტო ბელარმინოს, რომელიც იმ დროის უდიდეს კათოლიკე ღვთისმეტყველად ითვლებოდა და რომელსაც „ერეტიკოსების რისხვას“ უწოდებდნენ. ბელარმინომ კატეგორიულად გააფრთხილა გალილეო, შეეწყვიტა ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ თავისი მოსაზრებების გავრცელება.
ინკვიზიციის წინაშე
გალილეო ცდილობდა წინდახედულად მოქცეულიყო, მაგრამ კოპერნიკის თეორიის მხარდაჭერაზე უარი არ უთქვამს. ჩვიდმეტი წლის შემდეგ, 1633 წელს, იგი ინკვიზიციის წინაშე წარდგა. კარდინალი ბელარმინო უკვე მკვდარი იყო. ახლა გალილეოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო პაპი ურბან VIII, რომელიც წარსულში მისდამი კეთილგანწყობილებას ავლენდა. ისტორიკოსები ამ სასამართლოს უწოდებენ წარსულის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და უსამართლო პროცესს, და თვით სოკრატესა და იესოს წინააღმდეგ მოწყობილ სასამართლოებს ადარებენ.
რა გახდა ამ სასამართლოს მიზეზი? გალილეომ დაწერა წიგნი „დიალოგი სამყაროს ორი უმთავრესი სისტემის შესახებ“. ფაქტობრივად, ის ემხრობოდა ჰელიოცენტრიზმს. 1632 წელს ავტორს უბრძანეს, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, მაგრამ გალილეომ, რომელიც ამ დროს თითქმის 70 წლისა იყო, ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა რომში ჩასვლა. მას დაპატიმრებით დაემუქრნენ და გააფრთხილეს, რომ შებორკავდნენ და ძალით გაამგზავრებდნენ, ამიტომაც მომდევნო წელს გალილეო რომში ჩავიდა. პაპის ბრძანებით ის დაჰკითხეს და წამებითაც კი დაემუქრნენ.
აწამეს თუ არა სინამდვილეში ეს ავადმყოფი მოხუცი კაცი, დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ როგორც მის სასამართლო განაჩენში ეწერა, გალილეო „მკაცრად დაჰკითხეს“. იტალიური კანონების მცოდნე, ისტორიკოსი იტალო მერეიუ განმარტავს, რომ ეს ფრაზა წარმოადგენს იმ დღეებში გავრცელებულ ტერმინს, რომელიც წამების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამ აზრს ბევრი სხვა მეცნიერიც იზიარებს.
აწამეს გალილეო თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ 1633 წლის 22 ივნისს, პირქუშ დარბაზში თავმოყრილ ინკვიზიციის წევრთა წინაშე მას განაჩენი გამოუტანეს. ის დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ „სწამდა ცრუ მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა წმინდა და ღვთივშთაგონებულ წერილებს, რადგან ამტკიცებდა, რომ მზე . . . არ მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დედამიწა კი მოძრაობს და სამყაროს ცენტრს არ წარმოადგენს“.
გალილეოს არ სურდა წამებული გამხდარიყო, ამიტომ ის იძულებით დასთანხმდა მათ თავისი შეხედულებების უარყოფაზე. მას შემდეგ, რაც მას განაჩენი წაუკითხეს, მუხლებზე მდგომმა და მომნანიე ცოდვილის სამოსში გახვეულმა მოხუცმა მეცნიერმა ყველას გასაგონად განაცხადა: „მძულს გამოთქმული მცდარი აზრები, ეს მწვალებლობაც [კოპერნიკის თეორია], და საერთოდ, ნებისმიერი სხვა შეცდომა, მწვალებლობა ან მრწამსი, რომელიც წმინდა ეკლესიას ეწინააღმდეგება, უარვყოფ და ვწყევლი მათ“.
ფართოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად — რომლის საბუთიც, პრაქტიკულად არ არსებობს — უარყოფის შემდეგ გალილეომ ფეხი დაჰკრა და პროტესტის ნიშნად წამოიძახა: „ის მაინც ბრუნავს!“. მკვლევარები ამბობენ, რომ თავისი აღმოჩენების უარყოფით მიღებული დამცირება სიკვდილამდე ტანჯავდა მეცნიერს. მას ციხე მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი მუდმივი შინაპატიმრობით შეუცვალეს. გალილეოს თანდათანობით თვალთ დააკლდა, ბოლოს კი საერთოდ დაბრმავდა და თითქმის განდეგილივით ცხოვრობდა.
განხეთქილებაა რელიგიასა და მეცნიერებას შორის?
ბევრის აზრით, გალილეოს შემთხვევა იმის მტკიცებაა, რომ მეცნიერება და რელიგია აბსოლუტურად შეუთავსებელია. სინამდვილეში, ამ შემთხვევის გამო, საუკუნეების განმავლობაში ბევრი ჩამოსცილდა რელიგიას. მან ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ რელიგია თავისი ბუნებით საფრთხეს უქმნის მეცნიერულ პროგრესს. ნამდვილად ასეა ეს?
პაპმა ურბან VIII–მ და რომის ინკვიზიციის ღვთისმეტყველებმა კოპერნიკის თეორია იმ მიზეზით დაგმეს, რომ ის, როგორც თავად აცხადებდნენ, ბიბლიას ეწინააღმდეგებოდა. გალილეოს მტრები იშველიებდნენ იესო ნავეს ძის სიტყვებს „მზეო, შეჩერდი“, რაც, მათი აზრით, სიტყვასიტყვით უნდა ყოფილიყო გაგებული (იესო ნავეს ძე 10:12). მართლა ეწინააღმდეგება ბიბლია კოპერნიკის თეორიას? სრულებითაც არა.
წინააღმდეგობა არსებობს მეცნიერებასა და საღვთო წერილის აშკარად მცდარ ინტერპრეტაციას შორის. ასე უყურებდა ამ საკითხს გალილეო. მან თავის მოწაფეს მისწერა: „და თუმცა საღვთო წერილში შეცდომა არ არის, მისი ინტერპრეტატორები და განმმარტავები შეიძლება შეცდნენ, და მრავალგვარადაც. მათი ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული და ხშირი შეცდომა ისაა, რომ ყოველთვის უნდათ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი გაგებით დაკმაყოფილდნენ“. ამ სიტყვებს ბიბლიის ნებისმიერი სერიოზული მკვლევარი დაეთანხმება.
გალილეო კიდევ უფრო შორს წავიდა. მან განაცხადა, რომ ბუნების წიგნსა და ბიბლიას ერთი და იგივე ავტორი ჰყავდა და შეუძლებელი იყო, ისინი ერთმანეთს შეწინააღმდეგებოდა. მან აგრეთვე თქვა: ადამიანს არ შეუძლია „დარწმუნებით ამტკიცებდეს იმას, რომ ყველა ინტერპრეტატორი ღვთის შთაგონებით ლაპარაკობს“. როგორც ჩანს, ბიბლიის ოფიციალური საეკლესიო განმარტების კრიტიკა რომს გულზე მოხვდა და გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ რომის ინკვიზიციამ მეცნიერის დევნა დაიწყო. ეს როგორ გაბედა უბრალო ერისკაცმა ეკლესიის უფლებებში ჩარევა?!
გალილეოს საქმის გამო რამდენიმე მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს ეკლესიისა და პაპის შეუცდომლობას. კათოლიკე თეოლოგი ჰანს კიუნგი წერს, რომ „ოფიციალური საეკლესიო სწავლების“ „მრავალრიცხოვანი და აშკარა“ შეცდომები, რომელთა რიცხვს „გალილეოს მსჯავრდადებაც“ ეკუთვნის, „შეუცდომლობის დოგმასთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებს“.
გალილეოს რეაბილიტაცია?
1979 წლის ნოემბერში, პაპად არჩევის შემდეგ, იოანე პავლე II–მ დააპირა გალილეოს საქმის გადახედვა. პაპმა აღნიშნა, რომ გალელეი „ძალიან უნდა ყოფილიყო დატანჯული. . . სამღვდელოებისა და ეკლესიის შიგნით არსებული ორგანიზაციების მხრიდან“. ცამეტი წლის შემდეგ, 1992 წელს, ამავე პაპის მიერ დანიშნულმა კომისიამ აღიარა: „გალილეოს თანამედროვე ზოგი თეოლოგი . . . ვერ ჩასწვდა წმინდა წერილების ღრმა, არასიტყვასიტყვით მნიშვნელობას, როდესაც მასში შექმნილი სამყაროს ფიზიკური სტრუქტურა აღიწერება“.
ფაქტი კი ფაქტად რჩება: ჰელიოცენტრულ სისტემას არა მხოლოდ ღვთისმეტყველები აკრიტიკებდნენ. პაპი ურბან VIII, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ საქმეში, მკაცრად მოითხოვდა, რომ გალილეოს შეეწყვიტა ძირის გამოთხრა ეკლესიის საუკუნოვანი სწავლებისთვის, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრია. ეს სწავლება კი მომდინარეობდა არა ბიბლიიდან, არამედ ბერძენი ფილოსოფოსისგან — არისტოტელესგან.
მას შემდეგ, რაც თანამედროვე კომისიამ ამ საქმესთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, გალილეოს გასამართლებას პაპმა „ნაჩქარევი და სამწუხარო გადაწყვეტილება“ უწოდა. იყო მეცნიერი რეაბილიტირებული? „სიმართლე რომ ითქვას, გალილეოს რეაბილიტაცია, როგორც ამას სხვები უწოდებენ, აბსურდია, — ამბობს ერთი მწერალი, — იმიტომ, რომ ისტორია განსჯის არა გალილეოს, არამედ საეკლესიო სასამართლოს“. ისტორიკოსმა ლუიჯი ფირპომ თქვა: „ჯალათების საქმე არ არის თავიანთ მსხვერპლთა რეაბილიტაცია“.
ბიბლია არის „ლამპარი, რომელიც ბნელში ანათებს“ (2 პეტრე 1:19). გალილეო იცავდა მას არასწორი გაგებისგან. ეკლესია კი საპირისპიროს აკეთებდა — ის ადამიანების მიერ შექმნილ ტრადიციას იცავდა და ეჭვქვეშ აყენებდა ბიბლიას.
[სქოლიო]
პატიოსანი მკითხველი ადვილად აღიარებს, რომ განაცხადი ცაში გაჩერებული მზის შესახებ გაგებული უნდა იყოს არა როგორც მეცნიერული დასკვნა, არამედ როგორც უბრალო დაკვირვება იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი მოვლენებს თავისი თვალთახედვიდან. ასტრონომებიც ხშირად ლაპარაკობენ მზის, პლანეტებისა და ვარსკვლავების ამოსვლასა და ჩასვლაზე. ამაში ისინი არ გულისხმობენ, რომ ეს ციური სხეულები პირდაპირი გაგებით ბრუნავენ დედამიწის გარშემო. მათ, უბრალოდ, იმის თქმა უნდათ, რომ ჩვენს თვალში ისინი ისე ჩანან, თითქოს ცის კამარაზე მოძრაობენ.
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
გალილეოს ცხოვრება
გალილეო დაიბადა 1564 წელს პიზაში. მისი მამა ფლორენციელი იყო. გალილეომ პიზის უნივერსიტეტში დაიწყო მედიცინის შესწავლა და რაკი ამ საგნისადმი დიდი ინტერესი არ გამოუვლენია, თავი დაანება და ფიზიკა-მათემატიკის შესწავლა არჩია. 1585 წელს ის დაუბრუნდა ოჯახს, მაგრამ ამ დროისთვის მას არანაირი აკადემიური კვალიფიკაცია არ გააჩნდა. თუმცა კი, მან თავისი დროის გამოჩენილ მათემატიკოსთა პატივისცემა დაიმსახურა, რის წყალობითაც პიზის უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრაზე ლექციების კითხვა დაიწყო. მამის სიკვდილის შემდეგ, ხელმოკლეობის გამო გალილეო იძულებული გახდა, საცხოვრებლად პადუაში გადასულიყო, სადაც უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა — ქალაქის უნივერსიტეტში ის მათემატიკის კათედრას ჩაუდგა სათავეში.
პადუაში გატარებული 18 წლის განმავლობაში გალილეოს თავისი საყვარლისგან, ახალგაზრდა ვენეციელი ქალისგან, სამი შვილი ეყოლა. 1610 წელს ის დაბრუნდა ფლორენციაში. აქ მას ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა, რომ გამოკვლევებისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო — ეს კი მას თავისუფლების ფასად უჯდებოდა, თავისუფლებისა, რომელიც ვენეციის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის დროს ჰქონდა. ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა ის „პირველ ფილოსოფოსად და მათემატიკოსად“ დანიშნა. გალილეო გარდაიცვალა 1642 წელს ფლორენციაში. ამ დროს ის ინკვიზიციის მიერ მისჯილ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.wyaro.jw.org
[Pasuxi][Cit]|
__________
bolo redaqtireba 22 Sep 2013, 22:01; sul 1 -jer