გზავნილი
1. echo (Off)
[ 16 Sep 2013, 20:53 ]
როგორც იქნა გათენდა. თვალები გამშრალი მქონდა უძილობისგან. გულაღმა ვიწექი და თვალებით ჭერს მივშტერებოდი, ჭერზე ლაქებს ვუყურებდი და ეს ლაქები მოძრაბას იწყებდნენ, ხან რაღაც არსებებს ემსგავსებოდნენ და ერთი თვალის დახამხამება იყო საჭირო, რომ ყველაფერი ისევ დალაგებულიყო. რათქმაუნდა დავახამხამე თვალები და ყველაფერი დალაგდა, მაგრამ რაღაც მაინც არეული რჩებოდა და მივხვდი, რომ ეს რაღაც ჩემში იყო. დავამთქნარე და თან ამოვიკვნესე, ხელები გავშალე და უცებ რაღაც ვიგრძენი, რაღაც კი არა ვიღაც. თავი წამოვწიე და მარჯვნივ მივიხედე, ჩემი ცოლი ღრმად ჩაფლულიყო ბალიშში.
- ცოლის არსებობაც კი დამავიწყდა. - ჩემთვის ჩავიბუტბუტე და თვალები მოვიგლისე.
- ხომ კარგად ხარ საყვარელო? - მესროლა ეს სიტყვები და ჩემს პასუხს აღარც დაელოდა, მაშინვე სიზმრებმა მოგუდეს.
სიტყვა „საყვარელო“ არ მესიამოვნა და მაშინვე მოვიღრუბლე, არადა მილიონჯერ მაინც უთქვამს. როგორც იქნა წამოვწიე საჯდომი და ფანჯრისკენ გავიხედე. ფანჯარას მუქი ფარდა ფარავდა და ჩემს მუქ ფიქრებს ძალიან უხდებოდა. გავეშურე ფარდისაკენ რომ გადამეწია. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გარეთ წვიმდა. ფარდა გადავწიე და მზემ თვალებში შემომანათა, ცაზე არცერთი ბოროტი ღრუბელი არ ჩანდა. გამიკვირდა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ხასიათი მხოლოდ ჩემშია და ბუნება დღეს თავს კარგად გრძნობს. დასვენების დღე იყო, გამიმართლა რადგან საერთოდ არ მესამსახურებოდა. ჩავიცვი ტანსაცმელი და შემოსასვლელისკენ გავემართე, მივდიოდი და ვგრძნობდი რომ უკან რაღაც დამყვებოდა, ჩავიცვი ფეხსაცმელები და გარეთ გავედი, ვიცოდი სადაც მივდიოდი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, რაღაცის მეშინოდა. როგორც იქნა მივაღწიე ეკლესიამდე, პირჯვარი გადავიწერე და თავდახრილი შევედი. პირველად ავკანკალდი ეკლესიაში, ვერაფრით დავმშვიდდი, მივხვდი რომ ჩემს რწმენას სხვა გრძნობა ერეოდა რომელიც ყოველ წამში მკუმშავდა. ამან კიდევ უფრო ამაფორიაქა და სულიერად დაკოჭლებული კვლავ სახლში დავბრუნდი. მისაღებ ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე, ვცდილობდი არ მეფიქრა ჩემს ცოდვებზე, მაგრამ ეს ფიქრები თავში ისრებივით მერჭობოდა, ვერც შევძელი ვინმესთვის მომეყოლა რა ჩავიდინე. დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე, ტელევიზორს ციცინათელასავით ვაციმციმებდი არხიდან არხზე გადართვით, ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს ჩემს საყვარელ არხზე გადავრთე სადაც დოკუმენტური ფილმები გადიოდა, მაგრამ არ დამაინტერესა. ავდექი და ლექსის წერა დავიწყე.
წასული დაბრუნდება,
წარსულის შემოტევა,
თვალების დაბინდება,
ღმერთმა თუ მომიტევა?
ფოთლების გაყვითლება,
ფერების დავიწყება,
სიბნელის დაარსება,
ჩემი ბნელი არსება.
ჩემი ბნელი არსება,
მოდის მეალერსება,
..................................................
ლექსი შუაში გაწყდა, მინდოდა ლექსი დამეწერა, მაგრამ არ გამომივიდა, უფრო წყვდიადს გავდა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილიდან ფურცელზე გადამქონდა და თავს ყოველთვის შემახსენებდა. ავიღე ფურცელი და დავგლიჯე. არაფერი გამომდიოდა, თავს ვერ ვაწყნარებდი, ყველაფერი მაღიზიანებდა, ვიდექი და ვნატრობდი, რომ მალე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ როგორ, რანაირად ან როდის ნამდვილად არ ვიცოდი. ნათია როგორც იქნა ადგა ლოგინიდან და რეალობას დაუბრუნდა.
- საყვარელო, რამე ჭამე? დაიცადე 10 წუთი და კარტოფილს გაგიკეთებ. - თითქმის ყველა სიტყვა მთქნარებასთან ერთად თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- არა, არ მშია! წავალ ბიჭებს ვნახავ რას შვრებიან. - სწრაფი ნაბიჯით გასასვლელისკენ გავეშურე, რადგან ვიცოდი ნათია უჭმელად არ გამიშვებდა.
- კი მაგრამ..... - მხოლოდ ეს სიტყვები გავიგე და კარი მივიკეტე.
გავემართე იმ ადგილისკენ სადაც ჩემი ძმაკაცები ბირჟაობენ ხოლმე დასვენების დღეებში. მართლაც იქ დამხვდა რამოდენიმე. როგორც იქნა საუბარს შევყევი და ყველაფერი დავივიწყე. უბრალოდ მქონდა მომენტები როცა ვითიშებოდი და „წჯ ჭხ კლ ტყ“ მხოლოდ თანხმოვნები ჩამესმოდა ყურში, რადგან ფიქრებით სხვაგან ვიყავი.
- რა გჭირს ნიკოლოზ? ხომ კარგად ხარ? - შეამჩნია ჩემი გაფითრებული და გაშტერებული სახე.
- არა ძმაო, შარში ვარ.
- რა ხდება? მერე აქ არ ვართ ჩვენ? მიდი აბა გვითხარი.
- გუშინ სამსახურიდან თანამშრომლები პირდაპირ რესტორანში წავედით... - ნერწყვი გადავყლაპე, აღარ ვიცოდი როგორ მომეყოლა. ვერ გავბედე ძმაკაცებისთვის სიმართლის თქმა. ვიცოდი, რომ ეს აღარ დამთავრდებოდა, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდი, ვერ დავივიწყებდი იმას რაც გუშინ მოხდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და გული სულ უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. ვერ ვბედავდი რომ შენდობა ღმერთისთვის მეთხოვა და ამ ფიქრებში ერთი პატარა ნათელიც არ მოსჩანდა, რომ მას მოვჭიდებოდი. ბიჭებთან საუბარს მოვრჩი, ვთქვი ვითომ უფროსის შვილთან ვიკამათე და შეიძლება სამსახურიდან გამაგდონ.
სახლში დავბრუნდი.
- ნიკა საჭმელი გაგიკეთე, მოდი ჭამე. - ნაზი და მშვიდი ხმით მითხრა ნათიამ.
მე კი თავს ვეღარ ვმართავდი, მივედი და პირდაპირ ვუთხარი.
- ნათი აღარ მიყვარხარ, უნდა გავშორდეთ ერთმანეთს. - ეს სიტყვები რამ მათქმევინა ვერ გავიაზრე. თუმცა ალბათ არ მინდოდა ჩემი ჭირი მისთვისაც გამეზიარებია, მას ხომ ყოველდღე მოუწევდა ჩემი უხასიათობის მოთმენა, ჩემი ფიქრებში ღრმად ჩაფლული სახის ყურება, რომელიც თავს ჩადენილს ვერასდროს აპატიებდა.
თავიდან წივილ კივილი მორთო.
- მღალატობ ხო? ასეც ვიცოდი შე საზიზღარო. - მლანძღავდა და მლანძღავდა. თითქოს სულ აღარ მაინტერესებდა მისი ლანძღვა, თითქოს მართლა გადამიყვარდა რადგან მხოლოდ ერთი საფიქრალი მქონდა, მარტო დარჩენა მინდოდა და ჩემი საყვარელი ცოლი აღარ მადარდებდა.
როგორც იქნა დაამთავრა ნათიამ პანიკური გამოხტომა და წყნარ და მშვიდ საუბარზე გადავიდა.
- ნიკა მითხარი ეხლა რა გჭირს თორემ თავს მოვიკლავ. - მე პასუხს ვერ ვცემდი და გაუნძრევლად, გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე.
- მითხარი ნიკა, ნუ მაწვალებ, ეს არ დამიმსახურებია შენგან, მითხარი! - მე მოვუყევი ყველაფერი და ისევ გვჩუმდი. უკვე ნათიაც ჩუმად იყო და ხმას ვერ იღებდა. მისი თვალებიდან ჩანჩქერივით ზიზღი გადმოდიოდა. უცებ ჩემს წინ მდგომი ქალი გაუჩინარდა და როცა გონს მოვედი მისი შემოძახილი გავიგე.
- ბარგის ჩასალაგებლად, რომ მოვალ აქ აღარ დამხვდე! - და კარი მიიჯახუნა.
ყველა დღე ტანჯვაში გადიოდა, საშინელ დეპრესიაში ვიყავი და რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ რას მეთვითონაც არ ვიცოდი. საშინლად გავხდი, საჭმელს ვეღარ ვჭამდი. სამსახურიდან წამოვედი და ფულიც აღარ მქონდა. სახლიდან არ გავდიოდი და ყველას ვუთხარი, რომ სოფელში წავედი რაღაც საქმეებზე. ღამით ტახტის ქვეშ ლარიანი ვიპოვე. ავდექი და მაგაზიაში ჩავედი პურის საყიდლად, იქ მოხდა ის რასაც ამდენი ხანი ველოდი.
- შენ ხარ! შენ ხარ! - ასეთი ხმა მომესმა, როდესაც სახლისკენ ვბრუნდებოდი პურით ხელში, რომელიც ალბათ ბოლო საკვები იყო ჩემს ცხოვრებაში. ნელი მოძრაობით უკან მივბრუნდი.
- შენ რა გეგონა შეგრჩებოდა ეს ყველაფერი? შენთვის ჯოჯოხეთის საგზური მაქვს ნაბიჭვარო! - იარაღს ხელი წაავლო და ტყვია გულის არეში გამარტყა. დავეცი და ვკანკალებდი, ცაში ვიყურებოდი და ნელნელა ყველაფერს ბინდი ეფარებოდა. მხოლოდ იმ ბიჭის ფეხის ხმა გავიგე, როგორ გარბოდა, მეტი ვერაფერი, თითქოს დავყრუვდი. თვალწინ იმ მომენტმა გადამირბინა.
სამსახურიდან თანამშრომლები რესტორანში წავედით. საერთოდ არ ვსვამ, რადგან პათოლოგი ვარ. იქაც არ ვაპირებდი დალევას, მაგრამ დამაძალეს.
- ნიკოლოზ აბა გვანახე რა შეგიძლია. უნდა დაგათროთ ყველა.
მაინც ამიყოლიეს და მეც დავლიე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გვერდზე მაგიდაზე ერთი ლამაზი გოგონა იჯდა. მე 30 წლის ვიყავი ის ალბათ 20 წლის იყო. ულამაზესი თვალები ქონდა და ეს თვალები კიდევ უფრო მიზიდავდა როცა მე მიყურებდა.
- ნიკოლოზ, ხედავ ის გოგო თვალს არ გაშორებს. - შეამჩნია თანამშრომელმაც.
- ვიცი ძმაო, მაგრამ მე ცოლი მყავს. -თითქოს გულდაწყვეტილმა ვთქვი.
- ცოლი მეც მყავს, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს. აი ხედავ ტუალეტში მიდის და თან შენ გიყურებს.
მართლა მე მიყურება, თითქოს მეძახდა. მისი სხეული არაამქვეყნიურად მეჩვენებოდა.
- წადი ნიკოლოზ! ჯერ ერთი წვეთიც არ დაულევია და უკვე მოსაშარდად გადის? - და საშინლად გადაიხარხარა თანამშრომელმა.
თავი დავკარგე, ავდექი და ქალების ტუალეტში შევედი. გაკვირვებული გოგო თვალებში მიყურებდა.
- უკაცრავად, კაცებისთვის მარცხნივ არის. - ნახევრად ბლუყუნით მითხრა.
მე იმედ გაცრუება ვიგრძენი, მაგრამ თავის დამცირება არ მინდოდა, ყოველშემთხვევაში მე ასე ჩავთვალე.
- ხო, მაგრამ ვხედავდი, როგორ მიყურებდი. - ამ სიტყვებმა გოგო მეტად ააფორიაქა.
- გიყურებდი, მერე რა! - უხეშად მითხრა.
ეს სიტყვები იყო ბოლო სიტყვა რაც მე იმ რესტორანში გავიგე. შემდეგ ჩავიდინე ის რამაც დამღუპა, ის რამაც ცოლი დამაკარგვია, ის რამაც დეპრესიაში ჩამაგდო და ის რამაც ტყვია გულში გამარტყა.
ვწევარ და ვფიქრობ. ნუთუ ეს იყო ჩემი ცხოვრება? ნეტავ რა მელის? საით მივდივარ? და ამ კითხვებთან ერთად თვალები მეხუჭება. თვალები დავხუჭე.

სინათლეს ვხედავ, რომელიც თვალებში მანათებს. ხმაური მესმის, საშინელი ხმაური. თავი გადავაბრუნე და ყველაფერი ნათელი გახდა. საავადმყოფოში ვიწექი. ექიმი მომვარდა.
- გაგიმართლა ნიკოლოზ, გაგიმართლა. როგორც, ჩანს ყმერთს შენი სიკვდილი არ ნდომებია.
საავადმყოფოდან, როგორც იქნა გამწერეს. სახლში დავბრუნდი და შინ ცოლი დამხვდა.
- ნათი? აქ რას აკეთებ? - გაოცებულმა ვკითხე.
- არ შემიძლია ნიკა, ვერ წავედი. - ტირილით პასუხა.
ვერაფერს ვხვდებოდი. გადავრჩი, მაგრამ არ ვიყავი გადასარჩენი? ცოლი დამიბრუნდა და ის სევდაც გამშორდა. თითქოს თავიდან დავიბადე და ამ ყველაფრის ახსნას ვერ ვპოულობდი. ნუთუ მოვინანიე და მეორე შანსი მომეცა იმისთვის, რომ ასეთი შეცდომა აღარ დავუშვა?
ამ შემთხვევის შემდეგ, ჩემი მეორედ დაბადების შემდეგ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში, ვკითხულობდი ლოცვებს. შევეშვი დალევას და მოწევასაც. შვილიც შემეძინა და ცოლიც კიდევ უფრო შემიყვარდა. საოცრება იყო ეს ყველაფერი, ნამდვილი სასწაული. მშვიდად ვცხოვრობდი, თუმცა თავს ხანდახან მაინც მახსენებდა ჩემი ცოდვა სიზმრების და ფიქრების სახით. ასეთი იყო ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი და საბოლოოდ სევდა ნარევი სიმშვიდით დავტოვე ეს ქვეყანა.
[Pasuxi][Cit]|

პასუხი თემაზე
მთავარ გვერდზე
Save .txt

პლიუსი თემას