მარტვილი G 14 სექტ 2013, 0:50 „სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს. მარტვილი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები. მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ- დასავლეთიდან ჩრდილო- აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთითასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა “ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული. მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო თუ საერო ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია მარტვილი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ- სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. როგორც მოგეხსენებათ, მარტვილში ამ ცოტა ხნის წინ დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინეს. დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენამ ამ ლამაზი კუთხის ნახვის სურვილი ბევრ ადამიანს აღუძრა. რომ არაფერი ვთქვათ მარტვილის უძველეს ტაძარზე, ბუნების შექმნილ საოცრებებს – მღვიმეებს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს, ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს. სოფლის სახელის (სადაც დინოზავრის ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი) – გაჭედილის გაგონება ბევრ ადამიანში ღიმილს იწვევს. როგორც ამბობენ, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს. სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი. 1918 წლის 15 აპრილს სწორედ აქ მომხდარა შეტაკება წითელ პარტიზანულ ლაშქარსა და მენშევიკურ ჯარს შორის. მდინარე აბაშა ეგრისის მთაგრეხილის გულში იბადება. სათავის სიმაღლე ზღვის დონიდან 389 მეტრია და მთის მდინარედ იწოდება. რაჩხის მთებიდან, 60 მეტრის სიმაღლის, შიშველი კლდის გულიდან გადმოჩქეფს, ვიწროებში მიედინება და სოფლის ბოლომდე ულამაზეს ხეობას ქმნის. მდინარის სათავესთან, სოფელ ბალდაში არის მოთენას მღვიმეც. ადგილობრივთა გადმოცემით, შუა საუკუნეებში მღვიმეს სამხედრო-თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ. მღვიმის შესასვლელში ქვითკირის კედელია ამოშენებული, კარიც აქვს, თავზე სარკმლით. მღვიმის ბოლოში 2 მეტრი სიღრმისა და 15-20 მეტრის სიგრძის ტბაა. მღვიმეში ადგილობრივ მოსახლეს ადამიანის თავის ქალა და უზარმაზარი ძვლები უპოვია. გარდა ამისა, იქ კიდევ უფრო ადრინდელი, ქვის ხანის ნასახლარებია – ორი კულტურული ფენა. ასევე ქვის ხანის ადამიანების ქვის იარაღები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველად ადამიანები ამ ადგილებს საცხოვრებლად იყენებდნენ, შემდეგ კი ჩვენს წინაპრებს ციხესიმაგრედ და სამალავად გამოუყენებიათ. მოთენას მღვიმე ორი დარბაზისგან შედგება. მღვიმიდან გამომავალი წყლის ნაკადი მდინარე აბაშას უერთდება. წყლის დინება ძალიან ჩქარია. სოფელ ბალდის მთიან ორწოხებში მომწყვდეული მდინარე ოფუცხოლეს ღრმულში მრავალ ჩანჩქერად ვარდება. აბაშისპირეთი, შესართავიდან დაწყებული, გაჭედილ-ბალდის მთიანი ვიწროებით, რაჩხის გულამდე, ისტორიულად ჭყონდიდელთა ერთიან სამწყსოს შეადგენდა და ამიტომ საჭყონდიდოს სახელსაც ატარებდა. თავად ოფუცხოლეს სახელის წარმოშობაც საინტერესოა – ფუცხოლი მეგრული სიტყვაა და ქართულად ფაციფუცს ნიშნავს. ოფუცხოლეს სოფელ ინჩხურსა და გაჭედილს შორის არსებულ, აბაშის ხეობის ულამაზეს ადგილს უწოდებენ, სადაც ჩანჩქერები ჩამოდის. წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა. ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. Wyaro:ucnauri.com --------------- G 14 სექტ 2013, 0:55 ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც თურმე იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. სწორედ იქ აღმოჩნდა დინოზავრების ნაკვალევიც. ინჩხური ისტორიული სოფელია მარტვილში. რაც ყველაზე აღსანიშნავია, წმინდანი, ჩვენი წამებული პატრიარქი, ამბროსი ხელაია ამ სოფლიდან გახლდათ. ამ სოფლიდან იყო ასევე X საუკუნეში მოღვაწე ჰიმნოგრაფი, იოანე მინჩხი (მინჩხელი). აქაა თამარის ნადარბაზევიც. ლეგენდაც არსებობს, რომ თამარ მეფე და შოთა რუსთაველი აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, თამარ მეფის ნადარბაზევთან ეპიგრაფიკული ძეგლია ნაპოვნი, წარწერით: “შოთასა”. ეს წარწერა პატარა ქვაზეა შესრულებული და ამჟამად ჩვენს მუზეუმში ინახება. ვფიქრობთ, რახან ასეთი ლეგენდა არსებობს, შოთა რუსთაველის სახელია ამოტვიფრული. მკვლევრების აზრით, ეპიგრაფიკა სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება. ამ სოფელშია, სავარაუდოდ, ზედა პალეოლითის ხანის ინჩხურის მღვიმე. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საკარე ბუდე შემორჩენილია, კლდეშია და შიგნით წყალია. მღვიმეში ადრინდელი ქრისტიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი, პატარა ეკლესიაა. სწორედ აქ იქნა ნანახი კულტურული ცხოვრების კვალი. ჩვენს მუზეუმში ინახება მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაპოვნი, 17 მილიონი წლის წინანდელი ცხოველის, მეგაფაუნის წარმომადგენლის, მარტორქის ძვალი. ეს არის გიგანტური ცხოველის ყბის, მენჯის ძვლები და სხვადასხვა ფრაგმენტი. აქედან ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე უძველეს ხანაში, გიგანტური ცხოველები ცხოვრობდნენ. ონიორეს ჩანჩქერი: ეს ულამაზესი ჩანჩქერი სოფელ ბალდიდან 4 კილომეტრში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს. გადმოცემით, აქ ნივრის მოსაყვანი ადგილი ყოფილა. რამდენიმე მღვიმე სპელეოლოგებმა 60-იან წლებში შეისწავლეს. საყურადღებოა ჯორწყუს მღვიმეც. ზღვის დონიდან 670 მეტრზე, მღვიმე ვრცელი დარბაზით იწყება, სიგრძე 15 მეტრი, სიგანე – 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრია. ამ ადგილებში დაცულია ძველ ნაგებობათა ნაშთები. აქვეა წაჩხურას მღვიმეები. ერთ-ერთს გვირაბის ფორმა აქვს, სიგანე ერთ მეტრამდეა. ტობას მღვიმე კი ბალდის ტერიტორიაზეა, იქ სპელეოლოგი არსენ ოქროჯანაშვილი 60-იან წლებში, კვლევების დროს გარდაიცვალა. ერთ-ერთ დარბაზს მისი სახელი დაერქვა. იქვეა ტობას 80-85 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერიც. ტობას მღვიმის მხოლოდ რამდენიმე დარბაზია შესწავლილი. ერთ- ერთ დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი დაარქვეს – მაშინ ნონას გამარჯვებების პერიოდი იყო. მღვიმეში 4 ტბაა. ამ ტერიტორიაზე სულ 12 მღვიმეა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, მარტვილში ჩამოსულ სტუმრებს ულამაზესი სანახაობა ელის. Wyaro:ucnauri.com ---------------