სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა Mon Ami 04 სექტ 2013, 9:34 ადამიანის არსი რომ მის სოციალურობაში მდგომარეობს, ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან. არისტოტელემ ადამიანი განსაზღვრა, როგორც სოციალური ცხოველი. იგი ამბობდა: „ ვინც თავისი ბუნებით, და არა რაღაც შემთხვევითი გარემოების გამო, ცხოვრობს საზოგადოების გარეთ, ან ზნეობრივად არ არის ადამიანის დონემდე განვითარებული, ან ზეადამიანია. თუ ინდივიდი თავის თავს თვითკმარ არსებად თვლის, ან ცხოველია, ან - ღმერთი“. მრავალი ასეული წელია ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, მწერლები მიუთითებენ ადამიანის სოციალურობაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის, როგორც სოციალური მეცნიერებების კვლევის პრობლემატიკაში შემოდის. სოციალურ ფსიქოლოგიაში ადამიანების ერთად ცხოვრებისაკენ მისწრაფებას აფილაციის ტენდენციას უწოდებენ - ადამიანებს აქვთ ტენდენცია მიეკუთვნებოდნენ ამა თუ იმ ჯგუფს. თუ აფილაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია, მაშინ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ტენდენციის დაკმაყოფილების წყაროს არასაკმარისმა დონემ? სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს იზოლირებულად, არის ემოციურად გაუცხოებული, თავს იჩენს შფოთვა, სტრესი და დეპრესია. ბოლო დროს თანამედროვე ქართული საზოგადოება ამ საფრთხის წინაშე დადგა. თანდათანობით ადამიანები ღრმა ემოციონალური კავშირების დამყარების ნაცვლად, კმაყოფილდებიან შედარებით ზედაპირული ურთიერთობებით. მიგვაჩნია, რომ საზოგადოების თითოეული წევრი მწვავედ უნდა განიცდიდეს არსებულ ტენდენციას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. თუმცა, აუცილებელია ითქვას, რომ მხოლოდ შექმნილი სიტუაციის აღწერა ბავრს არაფერს გვეუბნება პრობლემის არსზე. პრობლემის არსის გასააზრებლად საჭიროა მის გამომწვევ მიზეზებზე ფოკუსირება. სწორედ ამ მიზეზების ღრმა ანალიზი მიგვიყვანს პრობლემის გადაჭრის გზებამდე. გამოვყავით ფაქტორები, რომლებიც, ვფიქრობთ რომ ყველაზე მეტად ახდენენ გავლენას სოციალურ ურთიერთობებზე. ესენია ურბანიზაცია, ტექნიკური პროგრესი და სოციალური უთანასწორობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი. დასავლეთ ევროპაში დაწყებული ინდუსტრიალიზაციის შედეგად ადამიანებმა სოფლებიდან ქალაქისაკენ დაიწყეს გადაადგილება. ურბანიზაციის პროცესი დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ფასდება, როგორც გლობალური ცვლილება. ამერიკელმა სოციოლოგმა ლუის ვირტმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი.“ იგი განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს აღნიშნულ პროცესს. მისი აზრით, ურბანიზაცია მარტო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ არის. ქალაქი თანამედროვე ადამიანებს მხოლოდ მზარდი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებით კი არ უზრუნველყოფს, არამედ მათი ცხოვრების წესზეც ახდენს გავლენას, იწვევს უამრავ ცვლილებას. ისმის მთავარი კითხვა, მაინც რატომ აქვს ურბანიზაციას უარყოფოთი გავლენა ადამიანურ ურთიერთობებზე? ვირტი წერს, რომ ქალაქებში ადამიანები ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ერთმანეთს პირადად არც კი იცნობს. მაცხოვრებლებს ერთმანეთთან ხანმოკლე და არასტაბილური კონტაქტები აკავშირებთ, რომელთა დროს სასიამოვნო ურთიერთობების ძიების ნაცვლად სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებთ. მაგალითად, მაღაზიების გამყიდველებთან, ბანკის მოლარეებთან ან ბილეთების შემმოწმებელთან ინტერაქცია განიცდება, როგორც რუტინული ცხოვრების ნაწილი და არ მოითხოვს პიროვნულ დონეზე ურთიერთქმედებას. ცნობილია, რომ ქალაქებში სოფლებთან შედარებით გაცილებით უფრო ჩქარი, დაძაბული ცხოვრების რითმია და ადამიანები მობილობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ღრმა კავშირებისათვის ადამიანებს აღარც დრო რჩებათ და აღარც საკამრისი ენერგია. ბევრი მაცხოვრებელი ერთმანეთს ავტობუსის ან რკინიგზის სადგურში, კაფეში ან სამუშაო დაწესებულების დერეფანში ხვდება, მაგრამ ისინი ერთმანეთისთვის მხოლოდ „ნაცნობი უცნობები“ არიან. ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა სოციალური უნარჩვევების ან ინიციატივის ნაკლებობის გამო საზოგადოებას საერთოდ ვერ შეეთვისოს. ამგვარად, თანამედროვე ქალაქებში ხშირად აქვს ადგილი გაუცხოვებასა და ურთიერთობებში პრივატულობის ელემენტის დაკარგვას. ვირტის იდეები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია აღნიშნული მიდგომა ქართულ საზოგადოებასაც მივუსადაგოთ. ურბანული ცხოვრების წესისათვის დამახასიათებელი ელემენტები სულ უფრო და უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში. როგორც უკვე ვთქვით, ურბანიზაციის გარდა სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებენ სოციალურ ურთიერთობებზე. ბოლო დროს მომხდარმა ტექნიკურმა რევოლუციამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში: საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდა, გაიზარდა შესაძლებლობების საზღვრებიც, მაგრამ ამასთან ერთად, ადამიანები ნაკლებად კომუნიკაბელურები გახდნენ. ამ შემთხვევაში ისმის მნიშვნელოვანი კითხვები: ტექნიკურმა პროგრესმა გამოიწვია გაუცხოება, თუ გაუცხოების გამო მიუჯდა კომპიუტერს ადამიანი? რატომ ვატარებთ უამრავ დროს სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ ურთიერთობები გვაკლია, თუ იმიტომ გვაკლია ურთიერთობები, რომ ინტერნეტზე ვართ მიჯაჭვულები? ჩანს, რომ ურბანული ცხოვრების წესის გამო ადამიანები სათანადოდ ვერ იკმაყოფილებენ პიროვნული ურთიერთობების მოთხოვნილებებს. ეს მოთხოვნილება კი აუცილებლად რაიმე გზით უნდა დაკმაყოფილდეს, ხშირ შემთხვევაში ვირტულაური ურთიერთობები ამისი ყველაზე იოლი საშუალებაა. დღეს გაცილებით ეფექტურია კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით, ინტერნეტით, ფაქსით. მაგრამ რატომ ესწრებიან ბიზნესმენები შეხვედრებს, თუნდაც ნახევარ მსოფლიოზე გადაფრენა მოუწიოთ, მაშინ როცა გაცილებით იოლია ბიზნესის წარმოება კომპიუტერის ან მარავალმხრივი სატელეფონო ხაზის გამოყენებით? როგორც ამერიკელი სოციოლოგები, ბოდენი და მოლოტჩი ამბობენ, თანდასწრება ხელმისაწვდომს ხდის სხეულის იმ ნაწილს, რომელიც არასოდეს ტყუის - თვალებს, სულის სარკმელს. თვალებით კონტაქტი თავისთავად იძლევა სიახლოვისა და ნდობის ხარისხის სიგნალებს. პირისპირ ურთიერქმედების სიტუაციები გაცილებით მეტ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები, რამდენად გულწრფელები არიან. სხეულის ენის გაგება კი შეუძლებელია ელექტრონული კომინიკაციის ნებისნიერი ფორმით. მეცნიერები იმისაც ამბობენ, რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილება პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირტუალური ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ ჩანაცვლებაა იმ რეალური, პირისპირი უნრთიერთობებისა, რომლებიც ჩვენი სრულფასოვანი სულიერი ცხოვრთებისთვისაა საჭირო. მესამე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ ურთიერთობებზე, არის კლასობრივი უთანასწორობა. საქართველო არის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა. იგი ნელ-ნელა სოციალისტური წყობილებიდან გადადის კაპიტალისტურზე, რაც საკმაოდ სერიოზული ცვლილებაა და ზემოქმედებს ადამინების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განვითარებულ ქვეყენებში კლასობრივ უთანასწორობას აქვს რომბის ფორმა. ეს ნიშნავს, რომ წვერში მოქცეულნი არიან მდიდრები, ხოლო ფსკერზე იმყოფებიან გაჭირვებულები. საშუალო ფენა მკვეთრადაა გამოყოფილი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ საშუალო კლასს მიეკუთვნება. საქართველოში ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და კლასობრივ სისტემას სამკუთხედის ფორმა აქვს. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ღარიბი. ის სოციალური ფენა კი, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნავს ძალიან ღარიბებსა და ძალიან მდიდრებს, არ არის მკვეთრად გამოდიფერენცირებული. რატომ იწვევს შექმნილი ეკონომიკური წყობა სოციალური ურთიერთობების დეფიციტს? საქმე იმაშია, რომ თანამშრომლობას გადასწონის კონკურენცია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ცდილობს საკუთარი ოჯახის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და სოციალურ კიბეზე დაწინაურებას. ყოველი მათგანი ცდილობს გაემიჯნოს უფრო დაბალ საფეხურზე მდგომს. ერთი მხრივ, ნაკლებად პრივილეგირებული ადამიანის მდგომარეობა ახსენებს თავის წარსულს, რომელსაც ყველანაირად ცდილობს გაექცეს. მეორე მხრივ, არ სურს ასეთ ადამიანებს დაწინაურების საშუალება მისცეს - ამით შეიძლება საფრთხე დაემუქროს მის კეთილდღეობას. სხვადასხვა ეკონომიკური ფენის წარმომადგენლებს შორის თავს იჩენს გაუცხოება, მეტად შეძლებულები თავს არიდებენ ნაკლებად შეძლებულებთან ურთიერთობას. ხოლო ფინანსურ სიდუხჭირეში მცხოვრებს შური საშუალებას არ აძლევს დაამყაროს ჯანსაღი ურთიერთობები მასზე ზემოთ მდგომთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა. დაუსაქმებელი ადამიანები თავს გრძნობენ საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად, განიცდიან სტრესს, შფოთვას და შედეგად იზოლირებულები ხდებიან. ამგვარად, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არანაკლებ დიდ როლს თამაშობს სოციალური ურთიერთობების ფორმირებაში, ვიდრე ურბანიზაცია ან ტექნიკური პროგრესი. ჩვენი აზრით, ურბანიზაცია და ტექნიკური პროგრესი არა მარტო საქართველოში მიმდინარეობს ინტენსიურად, არამედ გლობალური ხასიათისაა. ჩანს, რომ მათი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება შეუძლებელია. ამიტომაც, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება აღნიშნული პროცესების მიმდინარეობის ფონზე ისეთი ალტერნატიული ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რომ შესაძლებელი გახდეს ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება. აუცილებელია, რომ უირბანიზაციის პროცესს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. შესაძლოა ვირტის მოსაზრება თანამედროვე ქალაქებში პიროვნული ურთიერთობების ნაკლებობის შესახებ რამდენადმე გაზვიადებულია. ვირტის კოლეგა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ევერეტ ჰიუსი, თავისი კოლეგის შესახებ წერდა: „ლუისი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ქალაქში პიროვნული ურთიერთობები არ არსებობს - სინამდვილეში კი, ნათესავებისა და მეგობრების უზარმაზარ კლანთან მას სწორედ ასეთი ურთიერთობები აკავშირებს.“ დიდი ქალაქი უცნობების სამყაროა, თუმცა იგი გარკვეულწილად შეიძლება ხელსაც კი უწყობდეს პირადი ურთიერთობების განვითარებას და ინტიმურობის წყაროც გახდეს. ეს პარადოქსული მოვლენა არ არის. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ უცნობ ადამიანებთან კონტაქტების საზოგადოებრივი სფერო და ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების უფრო პირადი სამყარო. უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები - გამოვნახოთ დრო მათთან სტუმრობისათვის, თუნდაც ერთი საღამო კვირაში. უნდა გავაკონტროლოთ დრო, რომელსაც კომპიუტერის წინ ვატარებთ. ამით თავიდან ავიცილებთ ინტერნეტ მიჯაჭვულობას, რასაც თან სდევს სოციალური უნარ-ჩვევების დაქვეითება. ახალგაზრდების პირისპირ შეხვედრებს უფრო ინტენსიური ხასიათი უნდა მიეცეს. ისეთი პიროვნებებისათვის, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება და ურთიერთობების დამყარება, უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან სოციალური უნარ-ჩვევების გავარჯიშებაზე. რაც შეეხება ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემას, იგი მწვავედ დგას ქვეყანაში და შეუძლებელია მისი ერთბაშად გადაწყვეტა. ადამიანები ერთმანეთს გვერდში უნდა ამოუდგნენ და გაუადვილონ კრიზისული პერიოდების გადალახვა, რომლებიც ასე გახშირდა ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე. როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაებას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, სადაც თითოელი პიროვნება თავს იგრძნობს დაცულად, კომფორტულად და შეძლებს დაამყაროს ჯანსაღი, სტაბილური ინტერპერსონალური ურთიერთობები. წყარო:yappe.com --------------- heretique 07 ოქტ 2013, 9:08 adamianis arsi mis socialurobashi ar mdgomareobs. :) me tvitonac saertod ar ganvicdi am tendencias - afilacias, magram aranairad ar mstresavs es, piriqit, olimpiuri simshvidis gansaxiereba var. ---------------